● ძველი ალბომი

08/19/2013
TheApokaliptos-ის მიერ

ვათვალიერებ ძველისძველ ალბომს,
მესაუბრება, რას აღარ ამბობს.
ყველა სურათი საოცრად მათბობს,
მაშინაც, როცა ცივა და მათოვს.

აი, ეს ქალი რა კარგად მახსოვს,
სულ მაზომებდა საკუთარ ნაქსოვს.
ეს კი ბაბუა! სურათშიც ბრაზობს
თუ შვილიშვილი ჟარგონზე ❞ბაზრობს❝.

მამაჩემია, დანას რომ ასობს,
იმ ასაკშია თორმეტს ფლობს ასოს.
დედიკო ჩემი, რაღაცით ხარობს,
ოცი წლისაა, ტუშს ჯერ არ ხმარობს.

მაგრამ ვერ მივხვდი ალბომის საზომს
- რა უნდა მასში მეზობელ ანზორს?
ამ ბიჭსაც ვერ ვცნობ, წააგავს კარლსონს,
ვიღაც დეიდა ატენის მაწონს.

გაივლის დრო და... ნურავინ დარდობს,
რას იზამ, ქვეყნად სიკვდილი ჭარბობს.
და ამ ალბომში ეს აზრი მართობს
მეც დავიმკვიდრებ გარკვეულ ფართობს.

ნიკო გომელაური
   • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭