დევნილებმა დასახლებებში საბავშვო ბაღების აშენების პირობა მიიღეს

06/14/2017
Radio Atinati-ის მიერ

დღეს ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. დევნილებმა მერისგან სკოლამდელი დაწესებულების აშენებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია მოისმინეს. ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ქალაქის მერიამ თანამედროვე სტანდარტების ბაღის ასაშენებლად საჭირო ტერიტორია უკვე გამოყო.

„ამ ეტაპზე ჩვენი ვალდებულება შესრულებული გვაქვს და ველოდებით დონორებს. ალბათ, რამდენიმე თვეში ლაღიძისა და ბარამიას ქუჩებზე დევნილთა დასახლებებთან ახლოს დაიწყება ბაღების მშენებლობა“, - თქვა გოგოხიამ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს სრულად ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დააფინანსებს.

დევნილთა დასახლებაში არსებული სათემო ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ წარმომადგენლის კახა ჯინჯოლიას თქმით, მათ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან სრულყოფილი პასუხი მიიღეს.

„ორი წელია, ამ დასახლებაში ვცხოვრობთ და დღეს მივიღეთ დადებითი პასუხი საკითხთან დაკავშირებით. როგორც იქნა, ჩვენი ბავშვები მიიღებენ სკოლამდელ განათლებას. მადლობა მერს და ყველას ამისთვის“, - აღნიშნა ჯინჯოლიამ.

დღევანდელ შეხვედრას, რომელიც ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციისა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცნობისთვის, დევნილები ახალ დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისთვის საბავშვშო ბაღის აშენებას ითხოვენ. აღნიშნულ დასახლებაში დარეგისტრირებულია 98 ბავშვი, რომელსაც სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა არა აქვთ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან