ხამისკურის მოსახლეობა ურთას მთაზე არსებულ ანძებისთვის დენის ჩაჭრით იმუქრება

07/13/2017
Radio Atinati-ის მიერ

სოფელ ხამისკურში, ურთის მთის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ხიდის და გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურა აქ, განსაკუთრებით, გასულ კვირებში, ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო ხიდი ადიდებულმა მდინარემ დააზიანა, ხოლო გზა მეწყერმა და მთიდან ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა დაფარა. სოფლის მოსახლეობა შიშობს, რომ, შესაძლოა, მათი უბანი, სადაც ამჟამად რვა ოჯახი ცხოვრობს და სატელეფონი ანძები მდებარეობს, მალე გარე სამყაროს მოწყდეს. ამ ეტაპზე აქ გავლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.

„გვყავს მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, ვინმე ცუდად რომ გახდეს, აქ სასწრაფო დახმარება ვერ ამოვა. ამ გზაზე უნდა გაიაროს ყველამ, ვინც ანძაზე ადის. ხუთი ანძა დგას ზემოთ და ეს გზა არის ერთადერთი, რომელიც იქ მიდის... თუ დროულად არ მოგვაქცევენ ყურადღებას, მივიღებთ ზომებს - გადავკეტავთ გზას, ანძებს გადავუჭრით დენს“, - ამბობს ციალა კაკულია.გარდა ამისა, ურთის მთის კალთებზე ხშირია მეწყერის ჩამოწოლა. ადგილობრივები ამ ფაქტებს ბზის განადგურებას უკავშირებენ.

„გზას გაუჩნდა ნაპრალები და ორმოები, ყოველდღე იმეწყრება. ამას ბზის განადგურებამ შეუწყო ხელი. საქართველოში არსად არ არსებობდა ისეთი ბზა, როგორიც ამ ტერიტორიაზე, მაგრამ გაუჩნდა ავადმყოფობა, რამაც მასიურად გაანადგურა. მიწას ფესვები ამაგრებდა, რასაც უკვე ვერ აკავებს. თავის დროზე ყველა შესაბამის უწყებას მივმართეთ დახმარებისთვის, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება და ეს მცენარე საერთოდ განადგურდა“, - თქვა ჯარნაზი აფაქიძემ.

მეწყერის გააქტიურების კიდევ ერთ მიზეზად ადილობრივი მოსახლეობა კომპანიის „სილქნეტის“ მიერ წარმოებულ სამუშაოებს ასახელებენ.თავის მხრივ კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშულ სოფელში მაგისტრალური კაბელი ორი წლის წინ გამოიცვალა, თუმცა მდინარის კალაპოტთან და გზის დაზიანებასთან არანაირ კავშირში არ არიან.

„ამ ეტაპზე ხამისკურში კომპანიას არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებია, ეს იყო ორი წლის წინ, რა დროსაც გამოიცვალა მაგისტრალური კაბელი, თუმცა სამუშაოები ყველანაირი ნორმების დაცვით განხორციელდა“,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ხამისკურში გამგებლის წარმომადგენელი ავთანდილ ქირია ამბობს, რომ ის ზემოაღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია. მისი ინფორმაციით, შესაბამისმა კომისიამ პრობლემა უკვე შეისწავლა და დახმარებისთვის ცენტრალურ მთავრობას მიმართა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან