ინფორმაცია ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ


საქართველოს პროკურატურა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია \"პირველის\" გადაცემაში \"ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების, ამ ეტაპზე დადგენილი გარემოებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ.
აღნიშნული აუდიო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, დაინტერსებულ პირთა მხრიდან ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერში მოსაუბრეთა ქმედებები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რაზეც კომპეტენტური უწყებები შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდნენ. ასევე, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ აუდიო ფაილები შექმნილი იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში.
გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. კერძოდ, მათ მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებითა და ორგანიზებით 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე.
ფარული სატელეფონო მიყურადება მიმდინარეობდა 13 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის, ქურდული სამყაროს წევრობის, განზრახ მკვლელობის, ტერორიზმის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე მსჯავრდებულ პირთა ძებნის ფაქტებზე.
ხსენებულ საქმეთა მასალების შესწავლით დგინდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ. ფარული მიყურადების მასალებში, მათი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელებად მითითებული იყო გამოგონილი სახელებისა და მეტსახელების მქონე არაიდენტიფიცირებული პირები და ფარული მიყურადებისთვის საფუძვლები იქმნებოდა უკანონოდ, საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით.

ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuratura-t...

ვიდეოები „საქართველოს პროკურატურა"-ისგან