კორცხელის ინციდენტზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება

05/30/2017
Radio Atinati-ის მიერ

უგდიდის რაიონულ სასამართლოში გასული წლის 22 მაისს კორცხელში მომხდარ ინციდენტზე მოწმეების დაკითხვა განახლდა. დღეს ბრალდების მხარის ხუთი მოწმე, მათ შორის, კორცხელის გამგებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი და სამი ადგილობრივი დაიკითხა.

გამგებლის მერაბ თორდიას თქმით, ის ფიზიკური დაპირისპირების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, შესაბამისად, არ იცის, ვის შორის მოხდა ჩხუბი.

„სახლიდან რომ დავბრუნდი, დასრულებული იყო ყველაფერი. ამბობდნენ, რომ \"ნაციონალებსა\" და \"ქართული ოცნების\" მხარდამჭერებს შორის იყო ჩხუბი. მე იქ უცხო პირები, გარდა მელიას, ბოკერიასა და დამენიასი, არავინ მინახავს“, - თქვა თორდიამ.პროკურორისა და ადვოკატის შეკითხვებს უპასუხა კორცხელში მცხოვრებმა გოგა ქობალიამაც. მისი განმარტებით, ნახა, რომ თენგიზ გუნავა და გიგა ბოკერია ნაცემები იყვნენ, თუმცა, არ იცის, ვინ ცემა ისინი. პროკურორმა კი ქობალიას მიერ მიცემული ჩვენება წაიკითხა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სპორტული აღნაგობის უცხო პირებს შორის მოხდა.

„მე ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ და საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი. დაახლოებით, 20 უცხო პირი იყო, რომელთანაც მივიდნენ ბოკერია და მელია, მშვიდად ჰკითხეს ვინაობა და ადგილზე ყოფნის მიზეზი. მათი საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ისმოდა გინება, ყვირილი. იქვე იყვნენ ლაშა გვასალია, სოსო ლაგვილავა და მაიზერ ნანავა, რომლებიც სიტუაციის დაშოშმინებას ცდილობნენ“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

მოგვიანებით, ქობალიამ განმარტა, რომ ენმ-ის წევრების მშვიდი ტონი აგრესიულში გადაიზარდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დღესვე დაიკითხა ინსპექტორ-გამომზიებელი ლაშა გერგედავაც. მისი თქმით, ადგილზე მყოფი სამართალდამცავები მოქალაქეების დახმარებით ცდილობდნენ ნაცემი პირების ტერიტორიიდან გაყვანას.

„ხალხის დიდი რაოდენობა იყო, შესაბამისად, მათი დაშოშმინება შეუძლებელი იყო. ერთ ადამიანს რამდენიმე ცემდა, დაზიანებები ჰქონდათ და ძირს ეგდო გიგა ბოკერია, გუნავა... სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც დამხმარე ჯგუფები მოვიდნენ“, - განმარტა გერგედავამ.დღევანდელ სხდომას ხუთი ბრალდებული ესწრებოდა, გრიგოლ ტყემალაძე კი დარბაზში სკაიპით ჩაერთო.
ბრალდებულების ადვოკატის, ზურაბ ბელთაძის თქმით, პროცესის ხანგრძლივობის მიზეზი დასაკითხ მოწმეთა რაოდენობაა.

მომდევნო სხდომა მოსამართლე შოთა ბიჭიამ 27 ივნისს ჩანიშნა.

ცნობისთვის, 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ.
დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, მათ შორის- ორი პოლიციელი.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან