გამგებლის მოადგილე: თხილის ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციები არ გაიცემა

09/18/2017
Radio Atinati-ის მიერ

თხილის ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციები არ გაიცემა, თუმცა, საუბარია სახელმწიფო პროგრამების გაძლიერებაზე, რაც მოსახლეობას ცოტათი შეუმსუბუქებს მდგომარეობას. ამის შესახებ ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ სოფლის მოსახლეობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა ამისა, წოწერიას ცნობით, სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს და ასევე მოსახლეობას თითო ლიტრი შესაწამლი პრეპარატი დაურიგდება.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე.

„ოთხი მოთხოვნა დააყენა მოსახლეობამ. ეს არის პრემიერთან შეხვედრა, კომპენსაციების საკითხი, ასევე, გატარდეს ღონისძიებები, რომ იმავე საშიშროების წინაშე არ დადგეს მოსახლეობა, გარდა ამისა, ითხოვენ საბანკო ვალდებულებების გადავადებას“, - აღნიშნა წითლიძემ.

ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობის ნაწილი, რომელიც აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, გუბერნიასთან რჩება და დაშლას არ აპირებს. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საავტმობილო გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციელმა ამის საშუალება არ მისცეს.

მანამდე ისინი გუბერნატორის მოადგილესა და გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიას შეხვდნენ. მათ შორის შეხვედრა უსედეგოდ დასრულდა.

ზუგდიდის სოფლების მოსახლეობა აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბური აქციებით და პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან