"დეამ" მერიის წარმომადგენლებს შშმ პირთა საჭიროებებზე ჩატარებული კვლევა წარუდგინა

02/21/2020
Radio Atinati-ის მიერ

ასოციაცია ,,დეას“ პროექტის ,,ადვოკატირება ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების ამოქმედების მხარდასაჭერად“ ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ექსპერტმა თამარ მახარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. ამასთან, შეკრებილებმა 2021 წლის ბიუჯეტში შშმ პირებზე მორგებული სერვისების ამოქმედებისთვის საჭირო მექანიზმებზე ისაუბრეს.

„ძირითადი მესიჯი კვლევის ალბათ ეს იყო, რომ ნელ-ნელა უნდა ჩავანაცვლოთ ის მატერიალური დახმარება, რასაც სახელმწიფო აძლევს შშმ პირებს. დღეს შეხვედრაზე პილოტური პროგრამების შესახებ ინფორმაციამ გაიჟღერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაანახებს ადამიანებს ამ მომსახურების სიკეთეს, რომ ჯობია მიიღო მომსახურება, ვიდრე თუნდაც 200 ან 300 ლარი, რომელიც მხოლოდ დროებით გააყუჩებს, მატერიალურ თუ სამედიცინო პრობლემებს, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ“, - აღნიშნა თამარ მახარაძემ.

მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ თქვა, რომ მუნიციპალიტეტი თანდათან ტრადიციულიდან, სოციალური მოდელის დანერგვისკენ მიდის. მისივე ცნობით, მერია წელს იწყებს საპილოტე პროგრამებს, რომელიც სწორედ სოციალურ მოდელს გულისხმობს.

„2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას, ჩვენ ხელთ გვქონდა ყველა კვლევა მოწოდებული არასამთავრობო და ასევე სამთავრობო სექტორის მიერ, რამაც გარკვეული ასახვა ჰპოვა ჩვენს პროგრამებში, თუნდაც ის, რომ შეღავათიანი ტრანსპორტირების მოდელი არის უკვე დანერგვის სტადიაში. მართალია, წელს ვერ შევძელით ერთჯერადი ფულადი დახმარების სრულად სერვისით ჩანაცვლება, მაგრამ გარკვეული მიმართულებით მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის საშუალება - აიღონ ფულადი დახმარება ან ისარგებლონ სერვისით ”, - თქვა სხულუხიამ.

ზემოაღნიშნულ პროექტს ასოციაცია „დეა“ ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ახორციელებს. 

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან