„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდა
06/18/2017
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო-ის
მიერ
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაატარეს. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება ყველა მსურველს შეეძლო. #განიკურნე - ეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა, რომლის მიზანია, ერთად გამოვავლინოთ C ჰეპატიტი ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, დაავადების დროულად გამოსავლენად, აუცილებელია სკრინინგი. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირად ღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 41 000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული, მკურნალობაში 40 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 30 000-ზე მეტმა კი, კურსი უკვე დაასრულა. შემოგვიერთდი - ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი.