„ბასიანის“ წარმატებული საკონცერტო ტურნე აშშ-ში

11/15/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

15 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში მოეწყო შემაჯამებელი პრესკონფერენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ წარმატებული საკონცერტო ტურნეს შესახებ.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ანსამბლ „ბასიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ანსამბლის დირექტორი ზურაბ წკრიალაშვილი და სოლისტი გიორგი გაბუნია უძღვებოდნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბასიანი“ კონცერტებით 16 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე სტუმრობდა. ღონისძიებები ამერიკული საპროდიუსერო კომპანიის “David Eden Productions”-ის ორგანიზებით გაიმართა.
პირველ კონცერტს, რომელიც „ბასიანმა“ კალიფორნიის შტატში, სტენფორდის დიდ საკონცერტო დარბაზში “Stanford Live’s Bing Concert Hall” გამართა, აღფრთოვანებულ მსმენელთა დიდი ოვაციები და გაზეთ “Los Angeles Times”-ის გამოხმაურება მოჰყვა.
მომდევნო კონცერტებმა „Berkeley”-ს უნივერსიტეტში, The Broad Stage Performance სანტა- მონიკაში და UCSB სანტა-ბარბარაში სრული ანშლაგით ჩაიარა.
კონცერტების პარალელურად, „ბასიანმა“ ვორქშოფები და მასტერკლასები გამართა. სანტა-ბარბარაში „ბასიანის“ წევრები ქალთა ანსამბლს „კიტკა”-ს შეხვდნენ, რომლებმაც რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა შეისწავლეს. მათივე ინიციატივით, 19 ოქტომბერს მოეწყო საჯარო ვორქშოფი, სადაც ყველა მსურველს შეეძლო მოხვედრა, ქართული სიმღერების შესწავლა და ქართული ტრადიციული მუსიკალური საშემსრულებლო ხელოვნების გაცნობა.
ანსამბლმა ტურნე კალიფორნიიდან დაიწყო, სადაც 10 დღე დაჰყო და კონცერტები 4 ქალაქში გამართა: სტენფორდი, ბერკლი, სანტა-მონიკა და სანტა-ბარბარა.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან