გურამ ოდიშარიამ ესტონეთის დელეგაციას მიიღო

10/15/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

15 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ესტონეთის კულტურის წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პრიტ ტურკი, „მანდარინების\" გადამღები ჯგუფის წევრები, მსახიობები, ესტონეთის ინსტიტუტის (იგივე ესტონეთის კინოცენტრი) წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ესტონეთის კულტურის აკადემიის დირექტორი ანზორ ბარკალაია; მიღებას აგრეთვე დაესწრნენ ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირისა და საქართველოში ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ესტონეთ-საქართველოს პირველ ერთობლივ სრულმეტრაჟიან ფილმს \"მანდარინები\" (რეჟისორი ზაზა ურუშაძე).

შეხვედრის შემდეგ 19:00 საათზე დაგეგმილია ფილმის „მანდარინები\" დახურული საპრემიერო ჩვენება კინოთეატრ ამირანში.

ფილმი აფხაზეთში მცხოვრები ესტონელის ოჯახში მოხვედრილი დაჭრილი ქართველისა და ჩეჩენი ჯარისკაცის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლებს ასრულებენ მიშა მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ზურაბ ბეგალიშვილი, ლემბიტ ულფსაკი, ელმო ნიუგანენი და რავიო ტრასსი.

ფილმი ვარშავის \"ა კლასის\" საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში უკვე მოხვდა. ფესტივალი 11-20 ოქტომბერს ქალაქ ვარშავაში იმართება.

ფილმის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, ევროპის საბჭოს კინოს განვითარების და მხარდაჭერის ფონდი ევრიმაჟი, ესტონეთის ეროვნული კინოცენტრი, ესტონეთის კინოს ფონდი და ესტონეთის კულტურის სამინისტრო.

ფილმის „მანდარინები\" ნახვა 17 ოქტომბრიდან საქართველოს ყველა კინოთეატრში იქნება შესაძლებელი.

http://www.culture.gov.ge
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან