რუსთავის მერი ქალაქის სკოლებში მოსწავლეების მისაღებად მიმდინარე მზადების პროცესს გაეცნო

02/12/2021
RUSTAVI.GOV.GE-ის მიერ

თითქმის ერთწლიანი ონლაინსწავლების შემდეგ, 15 თებერვლიდან, რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების ყველა საფეხურის მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში განაახლებენ.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, თამარ ხეჩიკაშვილთან ერთად, ქალაქის სკოლებში მოსწავლეების მისაღებად მიმდინარე მზადების პროცესს გაეცნო და კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით არსებული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი შეამოწმა.
ამ ეტაპზე, რუსთავის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, პედაგოგების ტესტირება მიმდინარეობს. ტესტირების პროცედურებს მასწავლებლებს და სკოლის თანამშრომლებს, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის წარმომადგენლები სკოლებში უტარებენ.
15 თებერვლამდე, პედაგოგების ტესტირება, ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში დასრულებული იქნება. პედაგოგებს და სკოლების სხვა თანამშრომლებს, სწრაფი და PCR ტესტი ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ.
რუსთავის ოცდაექვსივე საჯარო სკოლა მუშაობას შერეული მეთოდით განაახლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა ნაწილი, სურვილისამებრ, სწავლას დისტანციურად გააგრძელებს.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში, მოსწავლეების მშობლებს, ყოველ ოთხშაბათს ექნებათ საშუალება, გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - https://online.emis.ge/ , რის შემდეგაც, სკოლა ორი დღის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული მოსწავლის ონლაინ სწავლებაზე გადაყვანას.

ვიდეოები „RUSTAVI.GOV.GE"-ისგან