„მოხუცი ჯამბაზები“ - რუსთაველის თეატრის ანშლაგი ზუგდიდში

07/11/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში კულტურის ცენტრ „ოდიშში“ რუსთაველის თეატრის სპექტაკლმა „მოხუცი ჯამბაზები“ ანშლაგით ჩაიარა.

რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლში მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში ვითარდება, რომლის ბინადრები ყოფილი მსახიობები არიან.
სპექტაკლი ორ მოქმედებიანია და სამი საათის განმავლობაში გრძელდება.სპექტაკლის რეჟისორის გოჩა კაპანაძის თქმით, ის მაყურებლის ასეთ დახვედრას ელოდა, თუმცა მოულოდნელი ის იყო, რომ სპექტაკლზე ყველა თაობის ადამიანი იყო მოსული.

„ასე თბილად, ინტელექტუალურად და არისტოკრატულად ძალიან ბევრ მაყურებელს არ შევხვედრივართ. მაყურებელსაც და ჩვენ დიდი ხანი გაგვყვება ემოციები. მადლობას გიხდით“, - უთხრა ჟურნალისტებს კაპანაძემ.

მსახიობების შეფასებით კი, ზუგდიდელი მაყურებელი თეატრალია.„ძალიან ვღელავდით, რთულია, როცა შენიანებთან ხარ, მაგრამ ისეთი სითბო მოდიოდა პარტერიდან, სცენაზე ვგრძნობით. პუბლიკა ყურადღებით უსმენდა და უყურებდა სპექტაკლს. ამაზე დიდი მსახიობისთვის არაფერია. თეატრალები ხართ და ძალიან კარგად გესმით და გიყვართ თეატრი“, - აღნიშნეს მათ.

სპექტაკლის შემდეგ ზუგდიდელმა მაყურებელმა მსახიობები ხანგრძლივი ოვაციებით გააცილა. მათ არტისტებს მადლობა გადაუხადეს.„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს ბუმბერაზი მსახიობები ჩამოვიდნენ. ვულოცავ ზუგდიდს ამ დღეს“, - აღნიშნა ბესო ხუფაცარიამ.

„რეგიონების მასშტაბით „მოხუცი ჯამბაზები“ პირველად გავიდა. გენიალური იყო დღევანდელი დღე. საოცარი მაყურებელი ჰყავდა სპექტაკლს“, - თქვა არტ-უნივერსალის დამფუძნებელმა ხატია ჯანაშიამ.

რუსთაველის თეატრის გასტროლი ზუგდიდში არტ-უნივერსალის ორგანიზებით მოეწყო.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან