საკანონმდებლო ცვლილებები - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება


ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება - შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს სხდომაზე ამ წუთებში მიმდინარეობს. სიახლის მიხედვით, ბიუროს უფროსის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. ამასთან, ზუსტდება თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის საკითხებიც. კერძოდ, თუ პირის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, მის აღმოსაფხვრელად მას ერთთვიანი ვადა ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მონიტორინგს დაექვემდებარება. ასევე, ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისა და თანამდებობის პირთათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული საკითხებიც. კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ბიუროზე დღესვე დაინიცირდება, არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლე.

კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უფლებამოსილება მიენიჭება, საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს ანგარიში იმ საკითხებზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მნიშვნელოვნად მიაჩნია.

ამასთან, ცვლილებებით, სახალხო დამცველი უფლებამოსილი ხდება, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს. ცვლილებების მიხედვით, პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ თანხმობას, სრული შემადგენლობის უმრავლესობით გასცემს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან