როგორ უნდა იმოძრავოს ველოსიპედმა, მოძრაობის მიმართულებით, თუ საპირისპიროდ?! - ველობლოგი

04/21/2020

საგზაო მოძრაობის წესები ველოსიპედისთვის იხილეთ ბმულზე: ➜ http://bit.ly/33zjn8Q
მკაცრი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მანქანების გადაადგილების შეზღუდვამ ძალიან ბევრი ადამიანი აიძულა ველოსიპედით გამოსულიყო ქუჩაში. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი არათუ არ იცავდა მოძრაობის წესებს, ძალიან სახიფათოდ მოძრაობდა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა კიდევაც შეჯახების შედეგად. საუბედუროდ, საზოგადოების დიდ ნაწილში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ქვეითი და ველოსიპედისტი გზაზე უნდა გადაადგილდეს მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. ველოსიპედის შემთხვევაში ეს სასიკვდილოდ სახიფათოა ყველგან და ნებისმიერ შემთხვევაში, რომ არაფერი ვთქვათ იმ საფრთხეზე, რომელსაც დამრღვევები უქმნიან წესის დაცვით მოძრავ ველოსიპედებს ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებს.
მცდარი მოსაზრების გავრცელება გამოიწვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 5-ე პუნქტის არასწორმა გააზრებამ.
P.S. ☝ ველოსიპედმა საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით უნდა იმოძრავოს გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ნაპირში. პირველი ზოლის ტროტუართან ახლო ზონა იგულისხმება.
☝ გაჩერებულ მანქანას აუცილებლად უნდა აუქციოთ გვერდი მარცხენა მხრიდან, თან სასურველია სულ ცოტა 1 მეტრი დაშორებით იმიტომ, რომ გაჩერებული მანქანის მძღოლმა ან მგზავრმა შესაძლოა კარი ისე გამოაღოს, არც გამოიხედოს სარკეში, ან უკან. საკმაოდ ბევრი ველოსიპედისტი დაშავდა მოულოდნელად გაღებულ მანქანის კართან შეჯახებისას.
☝ არანაკლები სიფრთხილეა საჭირო ქვეითებთან. ტროტუარზე დაყენებულ მანქანებს ხშირად ისე აქვთ ჩაკეტილი ტროტუარი, ქვეითებს უწევთ გზის სავალ ნაწილზე გამოსვლა. ზოგს გზაზე სიარული ურჩევნია ტროტუარზე სიარულს; ზოგი მანქანის გასაჩერებლად დგას გზაზე; ზოგიც გადარბენას აპირებს ქუჩაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ადამიანი ქუჩაში ფეხით მოძრაობს, მისი გონება სხვადასხვა ფიქრებშია გართული და მგომარეობის აღქმის უნარი დაქვეითებული აქვს. ქვეითი ვერ აცნობიერებს რამხელა საფრთხეს უქმნის საკუთარ თავსაც და გიქმნით თქვენც სავალ გზაზე რომ დგას და არც გაიწევა გზის დასათმობად, ან ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება დაიწყოს მოძრაობა. ვეითებისგან ნებისმიერ დროს ნებისმიერ საფრთხეს შეიძლება ელოდოს ნებისმიერი ტრანსპორტის მძღოლი. ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გზის ისეთ მონაკვეთებზე, სადაც ტროტუარზე მაღალი მანქანებია დაყენებული და არ ჩანს მის წინ/უკან რა ხდება, ან ქვეითია გამოსული გზაზე.
☝ გზის სავალი ნაწილის ნაპირში უხვადაა სანიაღვრე და საკომუნიკაციო ჭები, რომელთა თავსახურის ასფალტის დონეზე ხარისხიანად დაგება ვერაფრით ვერ ისწავლეს ქართულმა საგზაო სამსახურებმა. ასევე ჭის თავსახური ხშირად დაზიანებულია, ან საერთოდ არაა და დიდი შანსია დააზიანოთ ველოსიპედი, ან თავად დაიმტვრეთ. ასე რომ ჭებთან განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ.
☝ სადაც ველობილიკია, იქ ველოსიპედს არა აქვს უფლება გზაზე იმოძრავოს.
☝მოძრაობის საპირისპიროდ გადაადგილება გარდა კანონდარღვევისა, ძალიან საშიშია. ჩვენ გვგონია, - თუ ვხედავთ ჩვენს წინ რა ხდება, ვაკონტროლებთ სიტუაციას და შეგვიძლია ექსტრემალურ სიტუაციაში რეაგირება მოვახდინოთ. სინამდვილეში ექსტრემალურ სიტუაციაში ვერანაირ რეაგირებას ვერ მოვასწრებთ როცა შემხვედრი მიმართულებით ვმოძრაობთ. მაგალითად: მოძრაობს მოპედი ან ველოსიპედი თავის გზაზე, ზოლის ნაპირში 35-40 კმ-სთ სიჩქარით. ამ დროს ზუსტად მის გზაზე მოდის ველოსიპედი იგივე, ან ოდნავ ნაკლები სიჩქარით. როცა ორი სხეული ერთმანეთს უახლოვდება, ეს დაახლოვება ხდება ძალიან სწრაფად და რეაგირებისთვის დრო ცოტა რჩება. მოულოდნელობაც რომ გავითვალისწინოთ, ძალიან მცირე შანსი რჩება ადამიანს თავს უშველოს. ხოდა, ვთქვათ მოძრაობს ველოსიპედი ან მოპედი 30-40 კმ/სთ სიჩქარით თავის ზოლში. უკან, იმავე ზოლში მოჰყვება მანქანა, რომელიც უფრო განიერია და თითქმის მთელი ზოლი უკავია სიგანეში. ცოტა მოსახვევიცაა და ხილვადობა შეზღუდულია. რა უნდა ქნას საპირისპიროდ მოძრავმა ველოსიპედმა?! ზოლის შუაში გავიდეს, რომ გაატაროს თავის გზაზე მოძრავი მოპედი/ველოსიპედი?! - მანქანას შეასკდება. არ გავიდეს?! - მაშინ მოპედს/ველოსიპედს შეასკდება. ბანიჰოპის კეთება ცოტამ იცის და არცაა ტროტუარზე ახტომის საშუალება ყველგან; თან მყისიერად. ნაძალადევში, რამდენიმე დღის წინ ველოსიპედისტი დაიმტვრა. მოტოციკლს ძაღლები ჩაუხტნენ ბორბლებში, გადმოვარდა მოტოციკლისტი და გასრიალებულმა მოტოციკლმა ფეხი მოამტვრია საპირისპიროდ მოძრავ ველოსიპედისტს, რომელიც 20 მეტრზე მეტი მანძილით იყო დაშორებული. ვერაფერი ვერ მოასწრო. ...ან ვთქვათ, მოძრაობთ საპირისპირო მიმართულებით და შემოსახვევიდან შემოდის მანქანა. მანქანის მძღოლი ამ დროს იყურება მარცხნივ იმიტომ, რომ იქიდან ელოდება ნაკადს. ისე შემოუხვევს, თქვენსკენ არც გამოიხედავს და გადაგივლით. ბევრი საფრთხე აქვს საპირისპიროდ სიარულს და ძალიან ბევრია დაღუპული ან დამტვრეული. თუ გსურთ გზაზე სიტუაცია სრულად აკონტროლოთ, პატარა სარკე დაუყენეთ ველოსიპედს. არც თავის ბრუნვა მოგიწევთ, წინაც დაინახავთ რა ხდება, თქვენს უკანაც და გვერდზეც. სარკე იაფი ღირს, ღვედით მაგრდება საჭეზე და ნებისმიერ დროს შეიძლება მოხსნათ ან დაუყენოთ.
სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2xb747x
© ველობლოგი
My favorites list at Amazon ➜ https://www.amazon.com/shop/aragviani
Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/
Instagram ➜ https://www.instagram.com/veloblogi/
telegram ➜ https://t.me/veloblogi
facebook ➜ https://www.facebook.com/mobilisinmob...
#ველობლოგი #cycling

ვიდეოები „ქართული ველობლოგი"-ისგან