თოვლში მოყოლილი მოხის ამბავი

03/16/2018

მოხის, ე.წ. სადავო ნაგებობის ირგვლივ 2014 წელს განვითარებული მოვლენების შედეგად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც ისტორიული ნაგებობის კონფესიური წარმომავლობა უნდა შეესწავლა, შენობა არც ქრისტიან და არც მუსლიმ თემს არ გადასცა. კომისიამ ნაგებობის წარმომავლობა არ შეისწავლა და მას „სადავო კულტურული ძეგლის“ სტატუსი მიანიჭა.

ადგილობრივი მოსახლეობა კომისიას იმთავითვე უნდობლობას უცხადებდა, რადგან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, რომელიც პროცესის კოორდინაციაზე იყო პასუხისმგებელი, კომისიაში მათი ნდობით აღჭურვილი პირები არ შეიყვანა.

ადგილობრივი მუსლიმები მუსლიმთა სამმართველოზე ხელისუფლების მაღალ გავლენებზე და ლოიალობაზე მიუთითებდნენ. სახელმწიფომ სოფელში ახალი მეჩეთი ააშენა, რომელშიც ადგილობრივი მუსლიმების ნაწილი ლოცულობს, თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა, რადგან მუსლიმთა მეორე ნაწილი პროტესტის ნიშნად ლოცვას დღემდე, ე.წ. სადავო ნაგებობასთან განაგრძობს. ისინი კვლავ შენობის ისტორიული წარმომავლობის დადგენასა და საკუთარი ისტორიული და კულტურული კვალის დაცვას მოითხოვენ. ეს ბრძოლა მათთვის ღირსების დაცვის საკითხად იქცა.

სახელმწიფო მიიჩნევს, რომ პრობლემა გადაიჭრა, თუმცა ადგილობრივ მუსლიმებს მაინც რჩებათ განცდა, რომ მათ მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა დისკრიმინაციულია. ამაზე მოხესა და მის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგიაც მიუთითებს.

2013 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის ფაქტებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. ადგილობრივების თქმით, მათი დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პოლიტიკა, ხელისუფლებაზე ადგილობრივი სამღვდელოების გავლენის შედეგია, რომელიც რეგიონში ისლამური ისტორიის წაშლას და დათრგუნვას ცდილობს.

ვრცლად: http://liberali.ge/videos/view/1146/v...

ავტორი: დათო ფარულავა © www.liberali.ge

ვიდეოები „ჟურნალი ლიბერალი"-ისგან