● არათავმდაბლური ლექსი

02/02/2013
TheApokaliptos-ის მიერ

მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
ცხოვრება - ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?

ნიკო გომელაური
   • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭