ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანა იწყება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართველი სამხედროებიც. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველმა სამხედროებმა არაერთგზის დაამტკიცეს, რომ საქართველოს შეუძლია ღირსეულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა: „საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთი აღარასდროს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ვამაყობთ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანეთ ამ მიზნის მიღწევაში. “ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი. განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტიც: „საამაყოა ის პროფესიონალიზმი და თავდადება, რითაც ქართველმა სამხედროებმა თავი დაამახსოვრეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ქართული ჯარის პროფესიონალიზმი ყოველთვის იმსახურებდა, როგორც ნატო-ს, ისე პარტნიორი ქვეყნების მაღალ შეფასებას. ამ რთული მისიის შესრულებით, საქართველომ მრავალგზის დაამტკიცა, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანია მისი როლი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.“ – ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.

ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემაც. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა. განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. დავით ზალკალინის თქმით, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია ღირსეულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა. მისი თქმით, მასთან სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს გაწეული ძალისხმევისა და მსხვერპლისთვის, რომელიც მათ გაიღეს მსოფლიო მშვიდობისთვის.

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს. აღნიშნული მიმართულებით, თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს მჭიდრო კონსულტაციებს როგორც ნატოსთან, ასევე ორმხრივად, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება. ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის, ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით, უმსხვილესი კონტრიბუტორია. „თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენ გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. თავდაცვის ძალები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ყველა არსებული თანამშრომლობის ფორმატში, პარტნიორების მხარდამხარ, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან