"მრავალფეროვანი საქართველო" - ვიზიტი ნინოწმინდაში

07/29/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

26 ივლისს, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, პროექტის \"მრავალფეროვანი საქართველო\" ფარგლებში, თანამედროვე მწერლები - გივი შაჰნაზარი, ავთანდილ ბერიძე და ანაჰიტ ბოსტანჯიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
მწერლებმა აუდიტორიას საკუთარ შემოქმედება გააცნეს; საუბარი შეეხო ლიტერატურული პროცესების განვითარების მნიშვნელობას და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, კულტურული დიალოგის გაღრმავების დადებით გავლენას; მწერლებმა ადგილობრივ მკითხველებთან დიალოგი გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის \"მესხური ფოლკლორი\", აგრეთვე \"ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა\" და \"მწერალთა სახლის\" მიერ გამოცემული თარგმანების, მათ შორის სომხურ ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაციები; ახალი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება და ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა;
ადგილობრივი მოსახლეობა ცნობილი ფოტოხელოვანის, იური მეჩითოვის ლექციასა და გარი დავთიანის საოჯახო თეატრის ხელმძღვანელის, ჟანა დავთიანის მიერ წარმოდგენილ მონო-სპექტაკლსაც დაესწრო; ბენდმა \"ქიმერა\" კი მათთვის კონცერტი გამართა.
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
პროექტი \"მრავალფეროვანი საქართველო\" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, უკვე მეორედ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობას, ახალგაზრდების ინფორმირებულობის და სახელოვნებო განათლების დონის ამაღლებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას.





http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან