https://mtisambebi.ge/ - ხელისუფლებამ ორწლიანი პაუზის შემდეგ ყაზბეგში „კამარა ჰესის“ მშენებლობის პროექტის განხილვა განაახლა. მდინარე თერგი კიდევ 5 კილომეტრზე, ყანობიდან გორისციხემდე რკინის მილებში უნდა მოაქციონ. ადგილობრივი მოსახლეობა რაიონში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. მთავარი მიზეზი ის არის, რომ უკვე აშენებული ჰესების გამო, თერგის და ხდის ხეობები ზაფხულობით დამშრალია. ჰესების შეუფერხებელი მუშაობისათვის წყალი მთლიანად სადაწნეო მილსადენებში მიაქვთ. მოხევეების თქმით, უწყლოდ დარჩენილი ხეობები ტურისტებსაც აღარ იზიდავს, არადა ტურიზმი ამ კუთხეში შემოსავლის მთავარი წყაროა. თუ ხელისუფლებამ მოახერხა და ადგილობრივების პროტესტი დაძლია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში „კამარა ჰესის“ შემდეგ კიდევ 9 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი - რაიონში ხეობა აღარ რჩება, სადაც მდინარე თავისუფლად იდინებს.