ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცებს გაგზავნის


ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების გაორმაგებას და დამატებითი სამხედრო ტექნიკის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისი თქმით, დამატებითი ჯარების გაგზავნა იქნება მკაფიო გზავნილი კრემლისთვის, ხოლო დიდი ბრიტანეთი არასოდეს შეურიგდება მოსკოვის დესტაბილიზაციურ ქმედებებს და ყოველთვის დადგება ნატო-ს მოკავშირეების გვერდით. ბორის ჯონსონმა აქვე დაამატა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი აირჩევს სისხლისღვრის და დესტრუქციის გზას, ეს იქნება ტრაგედია ევროპისთვის, ხოლო უკრაინა თავისუფალი უნდა იყოს საკუთარი მომავლის არჩევაში. ბრიტანეთს 900 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული ესტონეთში, 150 კი პოლონეთში. ამასთან, 100-ზე მეტი ინსტრუქტორი ჰყავს უკრაინაში, რომლებიც ადგილობრივ ჯარისკაცებს ბრიტანეთის მიერ გადაცემული სამხედრო აღჭურვილობის გამოყენების ინსტრუქციებს აცნობენ. ბორის ჯონსონის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ბრიტანეთის ჯარისკაცების რაოდენობა გაორმაგდება, ასევე ესტონეთში გაგზავნილი იქნება სამხედრო თვითმფრინავები, ხომალდები და თავდაცვითი სახის იარაღი. ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის საკითხს ბრიტანეთის წარმომადგენლები მომავალ კვირას ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან განიხილავენ. ასევე, ბრიტანეთის პრემიერი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს, ხოლო მომავალ კვირას, მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრების ვიზიტიც იგეგმება.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან