პროგრამა - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფართოვდება.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება და მის ფარგლებში ახალი კომპონენტი - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონი იწყება.

პროექტის პრეზენტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წარუძღვა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ბიზნეს-ასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოების აუცილებლობის შესახებ მთავრობის წევრებმა 6 თებერვლის სხდომაზე ისაუბრეს - ის გულისხმობს არამხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, არამედ პროექტის ფარგლებში წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონების გამოცხადებასაც.

ეს არის იმ გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობას სურს, რომ წიაღისეულის არამხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავებაც ადგილზე ხდებოდეს და ძირითადი ღირებულებაც საქართველოში დარჩეს.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და სააუქციონოდ მომზადდა 100 წიაღით სარგებლობის ობიექტი. ესენია საინვესტიციოდ მიმზიდველი წიაღით სარგებლობის ობიექტები, რომელთა ჯამური საწყისი სააუქციონო ფასი 82 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო მოსალოდნელი ინვესტიცია 120 მილიონ ლარს აჭარბებს.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელებისას სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გამოყენებას. აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებად.

ამ პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაახლოებით 1800-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
#ქვემოქართლი2020
#მარნეული2020
#ეკონომიკა2020
#პროექტისპრეზენტაცია2020
#სახელმწიფორწმუნებული2020
#შოთარეხვიაშვილი2020

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან