პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - ლეტალური არსებობა

05/10/2021
Michael's Blog 13-ის მიერ

გამოიწერეთ არხი :)
https://www.facebook.com/profile.php?...

ლეტალური არსებობა

ღმერთო მე ჩავალ ახლა მიწაში
მე სახელების ენა გავშალე.
დავანაპერწკლებ სიკვდილს წინწკალში
\" მარადიული ვარ დამნაშავე...

და ჩემი ბრალი არაფერია, \"
სწორედ აქ ვკრძალავ ყველა იდეალს
და დასაკრძალი ჯერაც ბევრია
და დასაკრძალი ღმერთო კიდეა.

რა შეჯიბრია, ან რა ძვრებია,
ხეთა ჯიბრია ძვლების ტაძრები.
თითქოს სიტყვები საძოვრებია
და ნაცნობობენ ჩვენი აზრები.

ყნოსვას ესობა ვარდთა კბილები,
უნდა დავაჭრა ტვინებს ეკალი.
ვართ სხეულიდან გამოყრილები
და ხრწნას გარედან ამოვეკარით.

ჰოდა მივდივარ როგორც თავხედი
და პოეტივით უხეშ ჟესტს ვტოვებ.
წავალ და სიკვდილს ისე გავხედნი
როგორც ზამთარი ცხვირის ნესტოებს.

ჩემი ლექსები, ჩემი გვალვები,
სამყაროსავით მჭლე და ხრწნადია
და თითქოს მიწის აყირავებით
კვლავ დემონები ძვლებში ჩადიან

და ქირქილებენ კიდევ და კიდევ
და ქალწულების ციკლით სუნთქავენ.
მათ აჩრდილები აცმევენ წინდებს
და ხის საცობებს ცხვირში უდგამენ.

ვაშლის ჩირებით უკლავენ შიმშილს
და უსქელებენ სეზონურ კანკალს.
ბნელ მეტაფორებს უვსებენ პირში,
ლამაზ ჰაიკუს და სათნო ტანკას.

და სეტყვის ბლაგვი მაკრატელები
ჭრიან ფოთლების ჯიბრს და ჩარჩოებს.
დაუბადავი სამაელები
სულს ჩაფლავებულ ხორცში ახრჩობენ.

აღდგენს გონება ახალ კართაგენს,
ვეღარ მაკავებს ნერვის თასმები.
მე გაფრენაზე ფრთებმა \"დამთაგეს\"
და გალაკტიკებს მივეტმასნები.

ვით ჭირისუფლებს ვუცქერ ქლიავებს,
ღრმა და უსიტყვო კაცი ვარ ვნების.
ფრთაო სიგიჟე დამინიავე,
გამბედაობით ნამცივანები.

ცა ლეტალური შავი ბერია
სწორედ აქ ვკრძალავ ყველა იდეალს
და დასაკრძალი ჯერაც ბევრია
და დასაკრძალი ღმერთო კიდეა

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

ვიდეოები „Michael's Blog 13"-ისგან