Datuna Kurashvili - ნოდარ დუმბაძის ლექსი

10/07/2020
Datuna Kurashvili-ის მიერ

IG: https://www.instagram.com/kur1to/
F/Book: https://www.facebook.com/datuna.kuras...

მილიციელი ხშირად მოდის რუსთველზე ჩვენთან,
დაიშალეთო, გვეუბნება, ხელს იღებს კეპთაქნ,
ის კი არ იცის, რომ მოვკვდებით ერთ დღეს მშვენიერს
და ვეღარასდროს ვეღარ გვნახავს ლაღიძის წყლებთან…
ვსვი აზარფეშით ყურძნის სისხლი შვიდ დღეს კვირაში,
მსურდა მოხვედრა სასამოთხო კაცთა სიაში,
მაგრამ, ჰე, ღმერთო, სამართალი სად არი შენი,
სამოთხის ნაცვლად რად ვიღვიძებ მილიციაში?!
თუ განვიცადეთ გამოცდებზე მწველი წამები,
თუ გამოვედით გამოცდიდან განაწამები
და თუ სწავლაში დავიღამებთ ახალგაზრდობას,
მაშინ რაღაა ქვეყნად ფასი ჩვენი მამების?!
მეუბნებიან: “ვინც ლოთია, გმობის ღირსია,
ჩხუბი და შფოთი კაცის არა საკადრისია!”
ღვინონასვამზე აყალმაყალს თუ არ ავტეხავთ,
მაშინ ეს ღვინო, მეგობრებო, რის მაქნისია?!
მე რომ დიპლომი მქონებოდა,-დედამ ინება,
მამა დამპირა მყუდრო ოჯახს არდაცილებას,
მაშ, მითხარ, ღმერთო, კომისია რომ მანაწილებს,
სად გაგონილა დედისერთას განაწილება?
მეუბნებიან, რომ დიდებას მე ვერ მივწვდები,
ჩემს საფლავს ყველა დაივიწყებს, რომ დავმიწდები,
ხუთჯერ და ათჯერ გავდიოდი თითო საგანში,
ჩემს პროფესორებს აბა როგორ დავავიწყდები?
ისე არ წავალ, მიწას კვალი არ დავაჩინო,
ჯერ უნდა ღვინო დაძმარებას გადავარჩინო.
მე ქვეყნად მოსვლა არავისთვის არ მითხოვია
და სანამ წავალ, მამაცემმა უნდა მარჩინოს!
მსაყვედურობენ, თითქოს ცარ მაქვს დინჯი გონება,
რომ გული ჩემი წრფელ სიყვარულს არ ემონება.
მე მისთვის ვიცვლი ყოველკვირა შეყვარებულებს,
რადგან ჭირივით მეზარება ერთფეროვნება.
ოცი წლის კაცმა ყველა მარკის ღვინო ვიგემე,
ვაგლახ, ცხოვრების მარიფათს რომ ცუდად მიგებენ!
ზემელზე ვდგავარ დღე და ღამე რუსთველის ძეგლთან
და, ღმერთო, მაინც უგნურები ძეგლს არ მიგებენ.
მეუბნებია: “რა გაცვია ტანზე, რა არის?!”
მე კი სამოსი, “სტილნის” გარდა, არ მწამს სხვაგვარი,
როცა მოვკვდები, გამიკეთეთ “ბუტილკა” კუბო,
ხოლო გარშემო კაუჩუკი შემოაკარით!..
ჩემზე ამბობენ: იარაღი დააქვსო თანა,
ანაშას წევსო, ხულიგნობსო,-ცუდია განა?
კაცი რომ ასეთ წვრილმანებზე შეგედავება,
მოდი, ღმერთო, და ნუ გაუყრი ჯიგარში დანას!
დარდიან გულზე ბიძაჩემმა “ვოლგა” მიყიდა,
დამისხით ღვინო, სადღეგრძელოს ვიტყვი რიხითა!
გავიტან ვინმეს?-არ მომჭამონ ძირში ფეხები,
ერთ წელიწადში გამომაგდებს მამა ციხიდან.
ხუთი წელია, წიგნი თვალით არ მინახია,
ახია მასზე, ჭიგნი დროზე ვინც არ დახია,
გუშინ ვიყავი კუკიაზე საყომარბაზოდ,
იქ ქურდი კოლა პროფესორის გვერდით მარხია.