„პლანტას“ სასათბურე კომპლექსის დათვალიერება

10/26/2016
Giorgi Kvirikashvili-ის მიერ

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გარდაბანში „პლანტას“ სასათბურე მეურნეობას ეწვია, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურია.

„პლანტას“ სასათბურე მეურნეობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული საინვესტიციო პროექტია, რომელიც ფრანგულ კომპანია Richel Group-თან და ჰოლანდიურ კომპანია Certhon-თან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტის პირველი ფაზა 2015 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებში სასათბურე მეურნეობა 4.4 ჰექტარზე განვითარდა. 2016 წელს, პროექტის მეორე ფაზის განხორციელების შედეგად, „პლანტას“ 12 ჰექტარამდე გაფართოვდა. პროექტში დღეისთვის ინვესტირებულია 22.2 მლნ ამერიკული დოლარი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და პროექტის მნიშვნელობა შეაფასა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის როლს ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, „პლანტას“ სასათბურე მეურნეობის პროექტი ხელს უწყობს საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა პროდუქციამ მაქსიმალურად გაუწიოს კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებულს.

”ამ ინვესტიციის შედეგი გახლავთ ის, რომ აქ 250 ადამიანი დასაქმდება. შედეგი არის ასევე ის, რომ აქ იწარმოება თანამედროვე ევროპული ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება და ასევე გავა ექსპორტზე. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს არსებობს, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, გამოიყენოს საქართველომ, იმისთვის რომ ადგილობრივი ინვესტიციები გაიზარდოს და დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის 250 დასაქმებული ადგილობრივი, წელში გამართული ოჯახი. ეს გახლავთ ჩანაცვლებული იმპორტი, უფრო მაღალხარისხიანი ადგილობრივი პროდუქცია და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ექსპორტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო ორმა ყველაზე წამყვანმა ევროპულმა კომპანიამ, ფრანგულმა კომპანია ”რიშელმა” და ჰოლანდიურმა კომპანია ”სერტონმა”, რომელთა ტექნოლოგიაც იქნა გამოყენებული. ეს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში დღეს არის ასეთი დონის სასოფლო სამეურნეო საწარმო”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„პლანტას“ სასათბურე მეურნეობა საქართველოში ყველაზე მასშტაბური და მაღალტექნოლოგიურია. სათბურში წარმოების პროცესი მიმდინარეობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ჰოლანდიელი და ფრანგი აგროინჟინრების, ტექნოლოგებისა და ბიოლოგების ზედამხედველობით. სასათბურე კომპლექსში წარმოებული ბოსტნეული ბაზარზე „პლანტას“ სავაჭრო ნიშნით არის წარმოდგენილი. წელს „პლანტა“ მომხმარებლებს კიტრის კულტურებთან ერთად, პომიდვრის კულტურებსაც შესთავაზებს, რომელიც გამორჩეული იქნება მაღალი ხარისხითა და განსაკუთრებული გემოთი. გასულ სეზონებზე, „პლანტას\" სათბურებში წარმოებულმა პროდუქციამ 2000 ტ შეადგინა. მიმდინარე წელს, სასათბურე მეურნეობის 12 ჰექტარამდე გაფართოვების შემდეგ, პროდუქციის მოცულობა გასამმაგდა და მისი წლიური მაჩვენებელი 6000 ტონას გადააჭარბებს. ამჟამად „პლანტას“ სათბურებში დასაქმებულია 146 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. 2016 წლის ბოლოს მათი რიცხვი 250-მდე გაიზრდება.

#სოფლისმეურნეობა2016

ვიდეოები „Giorgi Kvirikashvili"-ისგან