გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა

11/04/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გოგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე არტისტის მიერ 50 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
1967 წელს გოგი ალექსი-მესხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1975-92 წლებში იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი. 1996 წლიდან მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჰემფშირის შტატში. ის დორტმუტის კოლეჯის თეატრალური სცენოგრაფიის კურსს უძღვება, რისთვისაც ხელოვნების ფაკულტეტის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მიიღო.
გოგი ალექსი-მესხიშვილი სხვადასხვა სახელმწიფო თუ სახელობითი ჯილდოს მფლობელია. მთელი შემოქმედებითი გზის მანძილზე მიღებული აქვს: საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (\"კავკასიური ცარცის წრე\", 1975წ.); სახალხო მხატვრის წოდება (1981წ.); იგი თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი და რუსეთის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრია.
გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები მსოფლიოს თეატრების წამყვან სცენებზე იყო წარმოდგენილი. 1999 წელს ის მონაწილეობდა ვენეციის ბიენალეში, ხოლო 2011 წელს, სხვადასხვა თემატიკის ინსტალაციებით, პრაღის კვადრიენალეზე საქართველოს წარმოადგენდა. მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს მრავალ გალერეასა თუ კერძო კოლექციაში.
გოგი ალექსი-მესხიშვილი კვლავაც განაგრძობს მუშაობას მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე.
გამოფენა 2016 წლის 23 ნოემბრამდე გაგრძელდება.




http://culture.gov.ge

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან