დავით ქირია - კიკბოქსიორი

09/03/2021
Radio Atinati-ის მიერ

,,წელიწადში მინიმუმ ხუთი ექვსი ბრძოლის ჩატარება გვიწევს, ახლა კი ბოლო 30 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი შეჯიბრზე წასული. მომენატრა აქტიური ცხოვრება, აეროპორტები, მოგზაურობები, სპორტული გარემოცვა და ის შეგრძნებები, რასაც სპორტი მაძლევს. მინდა, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრებას და ამისათვის ერთ- ერთი ყველაზე კარგი გზაა ავიცრათ, ავცრათ ოჯახის წევრები და დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად გვაწვდიან’’, - გვეუბნება კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია.

მსოფლიო ჩემპიონი ერთ -ერთი მათგანია, ვინც კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით, „სინოფარმით“ ორი თვეა აიცრა. უხარია, რომ მის ირგვლივ, სამეგობროში თითქმის ყველა აცრილია. ამბობს, რომ თავის რიგს ელოდება მისი ცოლიც და რამდენიმე დღეში აიცრება.

სოფელ ინგირში, სადაც ახლა იმყოფება, რამდენიმე ადამიანი დაარეგისტრირა კიდეც.

,,ჩემს გარემოცვაში უმეტესობა აცრილია, ჩემი რამდენიმე გუნდელი, მწვრთნელი აიცრა მთელი ოჯახით, მეც ავიცერი, ჩემი მშობლებიც აცრილები არიან, ჩემი მეუღლე დარეგისტრირებულია და თავის რიგს ელოდება. ჩემ ირგვლივ ნახევარი არის ისეთი, ვინც ვირუსი გადაიტანა და ნახევარზე მეტი - აცრილი. როდესაც აცრილ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა ეს დისკომფორტს მიხსნის’’- გვეუბნება დავით ქირია.

კიკბოქსიორი პანდემიის სხვადასხვა ეტაპს იხსნებს და ამბობს, რომ იზოლირებულ გარემოში ვარჯიში და ფორმის შენარჩუნება პროფესიონალი სპორტსმენისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.

,,მალე ორი წელი სრულლდება, რაც გვიწევს პანდემიურ სამყაროში ცხოვრება. ჩემს სფეროს, სპორტს, ეს განსაკუთრებით შეეხო. რეგულაციებიდან გამომდინარე, დაიხურა სპორტდაბაზები, რამაც ძალიან გაართულა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. მიწევდა სახლის პირობებში ან გარეთ ბუნებაში ვარჯიში, რაც ძალიან რთულია პროფესიონალი სპორტსმენისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი აქსესუარი, სავარჯიშო იარაღი, გვჭირდება წყვილებში, გუნდთან ერთად მუშაობა, რაც თითქმის მთელი ზამთარი იყო შეზღუდული და მართლა ძალიან გამირთულა ცხოვრება’’, - გვიყვება დავით ქირია.

იხსენებს იმ პერიოდს, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კარანტინის პერიოდში სახლის პირობებში ერთი - ერთი ოთახი სპორტდარბაზად გადააკეთა და ორ მეგობართან ერთად ჩაკეტილ ვიწრო სივრცეში ვარჯიში განაახლა. მსურველებს კი ონლაინგაკვეთილები შესთავაზა, რასაც მისი გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

,,როცა შეიზღუდა სპორტდარბაზებში ვარჯიში მომივიდა იდეა, რომ ონლაინ ვარჯიშები გამეკეთებინა, რაშიცა ამყვა ძალიან ბევრი და რამდენიმე კვირა ჩვენ ონლაინ ვვარჯიშობდით და ვირტუალური ურთიერთობა გვქონდა, გავხალისდით კიდევაც და დავრჩით აქტიურები სახლის პირობებში’’, - ამბობს მსოფლიო ჩემპიონი.

სპორტსმენი დავით ქირია კოვიდით 9 თვის წინ დაავადდა, მიუხედავად იმისა, რომ რთულ პაციენტად არ ითვლებოდა და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია, მისი თქმით, ოჯახში ყველაზე რთულად კოვიდი მან გადაიტანა, თორმეტ დღეში გამოჯანმრთელდა, თუმცა ფილტვებში მცირე ლაქა დარჩა.

,,როდესაც ვფიქრობდი რომ ვარ სპორტსმენი, ჯანმრთელი, ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მეგონა რომ ეს იქნებოდა მარტივი, მაგრამ ოჯახში ყველაზე რთულად მე გადავიტანე, ჩემს მეუღლესაც ჰქონდა სიმპტომები და ბავშვებს რამდენიმე დღე ჰქონდათ მაღალი სიცხეები. სახლის პირობებში ვიმკურნალეთ, მაგრამ ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ოჯახის ექიმთან. მეთორმეტე დღეს გამოკვლევა ჩავიტარე და ფილტვებში, უმნიშვნელო ლაქა დამრჩა, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო ჩემთვის, მაგრამ რა ვქნათ, ეს არის ის რეალობა, რაშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ’’- გვეუბნება დათო.

ქირიას მწვრთნელმა ბაჩუკია ფარცვანიამ რადიო ,,ათინათს’’ უთხრა, რომ ორჯერ ვაქცინირებულია ისიც და მისი ოჯახის წევრებიც. მიაჩნია, რომ ინფექციისგან დაცულია და მისი აცრა სხვებისთვის მნიშვნელოვანია. ზუგდიდელი ტრენერი ძალიან წუხს, რომ ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, მოქალაქეებს კი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

,,ორჯერადად ვაქცინირებული ვარ და ვფიქრობ რომ ექიმებს უნდა დავუჯეროთ და ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს’’- ამბობს ის.

მისი თქმით, პანდემიის პირველი ტალღის, კარანტინის დროს მისი მოსწავლეები უმეტესწილად სახლში ვარჯიშობდნენ, მას შემდეგ, რაც სპორტდარბაზები გაიხსნა, რამდენიმე მოსწავლეს დარბაზში, ნაწილს კი ღია სივრცეში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ავარჯიშებს.

,,მაშინ როცა დარბაზში 50 კაცი ერთად ვვარჯიშობდით, ახლა მხოლოდ 4 – 5 კაცი ვვარჯიშობთ . სხვადასხვა დროებში და დღეებში, ერთმანეთს რომ არ გადავდოთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავიცვათ დისტანცია და დაწესებული რეკომენდაციები. 18 – 19 წლის ბიჭები, რომლებსაც აქვთ შანსი საკუთარი თავი წარმოაჩინონ, ახლა ამ პანდემიის დროს ეს შეუძლებელია, ვერ მივდივართ ტურნირებზე, ძალიან ცუდი სიტუაციაა ახლა. 1000 კაციდან 10 კვდება, შეიძლება მალე სპორტიც დავივიწყოთ და თავის გადარჩენაზე გადავიდეთ, ყველაფერი შეცვალა პანდემიამ, რამდენი ტურნირი ჩაიშალა, რამდენი ვარჯიში გაცდა, ფაქტიურად 180 გრადუსით ცუდისკენ შემობრუნდა ყველაფერი“.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან