2017 წლის 26 მაისი თბილისში

05/25/2017
culturegovge culturegovge-ის მიერ

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წლევანდელი დღესასწაულის მთავარი თემატიკა შოთა რუსთაველია.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები, რუსთაველის გამზირზე სპეციალურ პროგრამას წარმოადგენენ.
09:00 საათიდან, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად განთავსებული სცენის მონიტორზე წარმოდგენილი იქნება ვიდეო-რგოლი, რომელიც ასახავს ვეფხისტყაოსნის თემაზე, ცნობილი ხელოვანების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს, მინიატურებს და იმდროინდელი ეპოქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტომასალას.
11:00 საათიდან, რუსთაველის თეატრის წინ განთავსდება პროექტ „გადაწერე ვეფხისტყაოსნის“ ფარგლებში, მხატვარ ქეთევან მატაბელის მიერ შექმნილი წიგნი. 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის სტრიქონებს მთავრობის წევრებიც გადაწერენ.
პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან „მოგზაურობს“. 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობა უკვე მიიღეს თბილისის, ახალციხის, ვარძიის, გორის, მცხეთის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისის, თელავისა და მარნეულის მოსახლეობამ.
13:00 საათიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გურამ ახალაიას კერძო კოლექციაში დაცული უნიკალური გამოცემები;
საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმი რუსთაველის გამზირზე წარმოადგენს გამოფენას „რუსთაველი ქართულ ხელოვნებაში“ .
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით კი მოეწყობა გამოფენა ,, ჩვენი ვეფხისტყაოსანი“.
13:00 საათიდან, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად განთავსებულ სცენაზე გაიმართება კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: დავით ევგენიძის ბენდი, რომელიც მსმენელის წინაშე „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი კომპოზიციით წარდგება. სოლისტები - ელენე კალანდაძე და გიორგი მახარაშვილი; თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ მხატვრულ-მუსიკალურ პერფორმანსს „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებისა და „ანბანთქების“ მიხედვით. კონცერტში მონაწილეობას, ანსამბლი „რუსთავი“ მიიღებს, რომელიც მსმენელის წინაშე 40-წუთიანი პროგრამით წარდგება.




http://culture.gov.ge

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან