ბუჩოს ამბავი

08/29/2020
Radio Atinati-ის მიერ

იშვიათი ჯიშის საკოლექციო ქათმები და თუთიყუშები, მტრედები, იხვები, თევზები, კატა, ძაღლი ბუჩო, მრავალი სახეობის სუკულენტი და სხვა დეკორატიული მცენარე - ინგირში, ვიტო თოდუას სახლში იყრის თავს. ვიტო პროფესიით კინოლოგია, თუმცა ამ სფეროში რამდენიმე წელია არ მუშაობს.

ამბობს, რომ მცენარეების, ცხოველებისა და ფრინველების მოვლა ბავშვობიდან სიამოვნებდა, რამაც გარკვეული ცოდნა და უნარები შესძინა. მოგვიანებით, მებაღე-დეკორატორის კურსებიც გაიარა და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანი იმუშავა, ახლა კი ნახევრად ხუმრობით გვეუბნება, რომ სახლში \"პატარა ზოოპარკი\" აქვს.

\"ჩემს ოჯახში სულ იყო ფრინველები, ცხოველები. პირველი იყო მრგვალი აკვარიუმი, რომელიც მაჩუქეს რამდენიმე ოქროს თევზთან ერთად. მშობლები არასდროს მიშლიდნენ, მომყავდა ყველაფერი, რაც დახოხავს, დაცოცავს... ხშირად არ ვიცოდი, როგორ მომევლო, შეცდომებით და ექსპერიმენტებით ვისწავლე. პატარაობიდანვე მეცოდებოდა ყველაფერი, თუმცა არ მქონდა გაცნობიერებული რომ ზოგი ცხოველისთვის ტყვეობა აუტანელია, მეგონა, თუ მიიჩვევ, ყველაფერი კარგადაა...\", - გვიყვება ვიტო.{{VIDEO}}სამართალმცოდნეობაზე ჩაბარებისა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ საქართველოში ჯერ კიდევ არაპოპულარული - კინოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა. ამ მიმართულებით 11 წელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კინოლოგიის სამსახურში იყო დასაქმებული. ახლა მხოლოდ ერთ ძაღლზე, ქუჩაში ნაპოვნ ფრანგულ ბულდოგზე - ბუჩოზე ზრუნავს.

“ჩემთან მოხვდა შემთხვევით. მეგობრებმა იპოვეს თბილისის გზაზე დაჭრილი, ცუდ მდგომარეობაში ... როგორც კი გამომიგზავნეს ფოტოები, მივხვდი, რომ ნაწამები იყო ძაღლი. მიიყვანეს ფაქტობრივად მკვდარი მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც, სავარაუდოდ, ძალიან გულიანი ექიმი შეხვდა. თავშესაფარში, სხვა ძაღლებთან ერთად ვერ გადარჩებოდა, გადავწყვიტე, მე წამომეყვანა. თავიდან იყო თვალები და ყურები მხოლოდ, ძალიან დათრგუნული, ყველაფრის ეშინოდა. ჩვენთან არის ორი არაჩვეულებრივი ექიმი - დავით ჭეჟია და ემზარ ჭაჭუა. ჩვენი რაიონის შველაა ორივე. მათ გადამირჩინეს ეს ბიჭი... ახლა მისი ხროვის წევრები ვართ, ეს არის ოჯახის უფროსი ჩვენთან ... პირველად რომ ვნახე, ვიფიქრე ესაა უინსტონ ჩერჩილი, სიგარა აკლია მხოლოდ-მეთქი... მაგრამ გახდა ბუჩო\", - იხსენებს ვიტო.

ფერმის ბინადრებს შორის რამდენიმეზე განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს. მათ შორისაა მსოფლიოში ნაკლებად გავრცელებული ქათმის ჩინური ჯიშები უჰეიილუი და ლაკენდანძი. გარდა ამისა, ამ ეტაპზე სახლში ჩინური დიდი და მცირე, სუფთა ჯიშის კოხინხინი ჰყავს, ასევე, ამერიკული ბენტამები, ფენიქსი, თეთრქოჩორა ჰოლანდიური ქათმები და სხვა. როგორც ამბობს, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მცირე ზომის 2 ქათამიც სწორედ მას ჰყავს.

\"ინტერესდებიან, მოდიან, არის თუ არა მეხორცულ-მეკვერცხული ჯიში. მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს - ეს ჩემთვის საკოლექციო ფრინველია. მსოფლიოში არის უამრავი ფერმა, სადაც არის კომერციულად ხელმისაწვდომი ჯიშები. საკოლექციო ფრინველები არის ერთგვარი გენეტიკური ფონდი, ზოგი რომ ამბობს რატომ იყოს შხამიანი გველი, ხვლიკი ან სხვა - ეს ბიომრავალფეროვნებაა. შეიძლება ქათმებზე ვერ ვთქვათ, რომ აი \"ბიომრავალფეროვნებაა\" და რომ ქათამი რაღაც განსაკუთრებულს წარმოადგენს, მაგრამ ამაზე ხომ იმუშავა ხალხმა? აი, მაგალითად, კოხინხინები რამდენიმე ათასი წლის ისტორიას ითვლიან, რაც, მგონი, საკმარისია იმისათვის, რომ ვიღაცის შრომას პატივი სცე. თან ლამაზები არიან...\", - მიიჩნევს კოლექციონერი.

ვიტოს \"ცხოველთა სამყაროში\" თუთიყუშებსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. ფიშერის განუყრელები, ავსტრალიური ჭრელი როზელა, ინდური ყელსაბამიანი და პაკისტანური ქვესახეობის ალექსანდრული თუთიყუშები ინგირში საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობენ.

ვიტო ამბობს, რომ თუთიყუშები საკმაოდ კარგად არიან ადაპტირებულები და ჩვეულებრივად მრავლდებიან.

ველური ბუნების მოყვარული კინოლოგი დასავლეთ საქართველოში \"საფარი პარკის\" არსებობაზე ოცნებობს. მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის სივრცე ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს აამაღლებს. საკუთარი თავიც ყველაზე ბედნიერად სწორედ ასეთ ადგილას წარმოუდგენია.

რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter:https://twitter.com/Atinati1059
https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან