როგორ ამზადებს "სელეგინს" დიასახლისი დარჩელიდან

11/24/2020
Radio Atinati-ის მიერ

\"სელეგინი\" 56 წლის დალი მარხულიამ პირველად ჯერ კიდევ ბავშვობაში, მშობლიურ ოქუმში დაამზადა. აფხაზეთში მცხოვრებ მის ოჯახში ყველის დამზადების ტრადიცია ბებიისგან ჯერ დედას, შემდეგ კი ჩვენს რესპოდენტსაც გადაეცა.

დიასახლისი იხსენებს, რომ, დაახლოებით, 10-12 წლის ასაკში დედას ჭყინტი ყველის ამოყვანაში ეხმარებოდა და ამბობს, რომ ეს პერიოდი განსაკუთრებული სიყვარულით ახსენდება.

\"სოფელში გავიზარდე, სადაც ძროხა, ფაქტობრივად, ყველა ოჯახს ჰყავდა, მათ შორის ჩვენც. ჯერ ბებია აკეთებდა, მერე დედა... სხვათაშორის, დედაჩემი 85 წლისაა და ახლაც თვითონ წველის ძროხას, ამზადებს ყველს და სხვა პროდუქტს. ბავშვობაში მეც ხშირად ვეხმარებოდი, უფრო ჭყინტი ყველი ამომყავდა. ახლა ეს პერიოდი განსაკუთრებით ტკბილად მახსენდება, მენატრება აფხაზეთი და ის დღეები\", - ამბობს დალი მარხულია.
მოგვიანებით, სასწავლებლის დამთავრებისა და ოჯახის შექმნის შემდეგ ყველის დამზადება შვილებისთვის დაიწყო. გვიყვება, რომ დედამთილსაც გემრიელი და გამორჩეულად კარგი სულგუნი ამოჰყავდა. დიასახლისი მიიჩნევს, რომ ყველის ხარისხი რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის კი ძროხის საკვებზეა დამოკიდებული.

\"კარგი ყველი რომ გააკეთო, რძე უნდა იყოს ნატურალური. ეს დამოკიდებულია საკვებზე, რომლითაც იკვებება საქონელი. აი კარგი, ნოყიერი საკვები უნდა ჰქონდეს, ცხიმიანი ყველი რომ ამოვიდეს. რა თქმა უნდა ძროხის ჯიშზეც არის დამოკიდებული... ცუდია, რომ სამეგრელოში სუფთა ჯიშის საქონელი თითქმის აღარ შემოგვრჩა\", - თქვა მან.

დალი სულგუნის მომზადების დეტალებსაც გვიზიარებს.

\"სულგუნის გასაკეთებლად ჯერ ჭყინტი ყველი უნდა ამოიყვანო. საქონელს რომ მოწველი და ჯერ კიდევ თბილ რძეს ქვაბში ჩაწურავ, ამატებ კვეთს. რძე აუცილებლად უნდა იყოს თბილი, ასე თუ არაა, რამდენი კვეთიც არ უნდა დაამატო, არ გამოვა ყველი. დაელოდები 10-15 წუთი და სქელდება, როგორც მაწონი, ისეთი კონსისტენციის ხდება. დგამ ნელ ცეცხლზე და ამოიყვან ჭყინტ ყველს. შემდეგ უნდა დააცადო გარკვეული დრო. სითბოში თუ გაქვს, ზაფხულში, მაგალითად, დილით ამოყვანილი ჭყინტი ყველისგან, საღამოს უკვე სულგუნი კეთდება. მაგრამ ზამთარში, თუ სიცივეში დატოვებ ჭყინტ ყველს, შეიძლება, მეორე დღემდეც ვერ გააკეთო. ჭყინტი ყველი უნდა აფუვდეს, უჩნდება ნასვრეტები, რომ გასინჯავ ცოტას, თუ პირში კრაჭუნობს, ესე იგი, შეიძლება გაკეთდეს სულუგუნი. აი, ასეთი აფუებული ჭყინტი ყველი უნდა დაიჭრას თხლად. ქვაბში უნდა გვქონდეს ცხელი წყალი, მდუღარე არ შეიძლება, დაახლოებით, 70-80 გრადუსამდე, ალბათ. ვყრით, დუღილამდე არ უნდა მივიყვანოთ, ველოდებით ცოტას და ვურევთ ხის კოვზით, უნდა გახდეს წელვადი. შემდეგ, როგორც ცომის გუნდას, გადავზელთ, ვაძლევთ ფორმას, დავამრგვალებთ და მარილს მოვაყრით ორივე მხარეს. ფორმაში უნდა ჩავყაროთ ცოტა მარილი და ჩავდოთ\", - გვიხსნის დალი მარხულია.

დიასახლისი გვეუბნება, რომ ყველის ჭურჭელი სულგუნის ოდენობის მიხედვით უნდა შევარჩიოთ, თუმცა აქვე დასძენს, რომ მზა პროდუქტის საშუალო სისქე დაახლოებით 5-7 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს. ის ყველის შენახვის სამეგრელოში გავრცელებულ ტრადიციასაც იხსენებს.

\"ბებიაჩემს ჰქონდა ყველის სათავსო - დერგი, თიხისგან დამზადებული. სულგუნს თითო-თითოდ ამატებდნენ, რომ გაივსებოდა, ახურავდნენ და ინახავდნენ გრილ ადგილას. ძალიან კარგად ინარჩუნებდა გემურ თვისებებს ამ ფორმაში\", - გვიყვება ის.

დიასახლისს, რომელიც ყველის ამ სახეობას წლებია ამზადებს, განსაკუთრებით გაუხარდა, როცა გაიგო, რომ სულგუნის მომზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ სულგუნის, როგორც თავად ამბობს, საქართველოში ყველაზე პოპულარული ყველის სახეობის, დამზადების ტრადიცია სამეგრელოდან მოდის და ამბობს, რომ \"ამ აქსიომას მტკიცება არ სჭირდება\".

რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter:https://twitter.com/Atinati1059
https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან