რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 86-ე დღე


უკრაინის ბევრ ოლქში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. თვითმხილველების ცნობით, სულ მცირე, სამი აფეთქების ხმა გაისმა ჟიტომირის ოლქში, ასევე ხმელნიცკში. გავრცელებული ცნობით, აფეთქებები იყო კიევის ოლქში, სადაც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს უკრაინული ქალაქების დაბომბვას და აძლიერებს ზეწოლას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე. ზელენსკიმ დონბასში არსებულ მდგომარეობას ჯოჯოხეთი უწოდა. უკრაინის გენშტაბში ამბობენ, ოკუპანტები განაგრძობენ შეტევას უკრაინის აღმოსავლეთში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში. ამ უკანასკნელის დაბომბვას, სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა 14 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია რუსი სამხედროების კუთვნილი 29 ერთეული სამხედრო ტექნიკა. მათ შორის 8 ტანკი და 6 ავტომობილი. ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს 50 დასახლებულ პუნქტს დონეცკსა და ლუგანსკის რაიონებში. დაზიანებულია 40-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი. მათგან 31 სახლი. უკრაინელი სამხედროების ცნობით, მათ შეძლეს ხერსონის ოლქში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავის განადგურება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნი ცხადებს, რომ უკრაინელებმა შეძლეს რუსებისთვის ინიციატივის წართმევა, თუმცა რუსული არმია უკრაინაზე საავიაციო და სარაკეტო იერიშების ინტენსივობას არ ამცირებს. მისი ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში, რუსეთი 10-14 სარაკეტო დარტყმას ახორციელებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან