ვითარება უკრაინაში - ომის 39-ე დღე


დღეს დილით რუსეთმა ოდესაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ადგილზე ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანებაა. განადგურებულია ქარხანასთან მდებარე ნავთობის სამი საცავიც. აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს იზიუმში და უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა კასეტური ბომბებით დაბომბეს დნიპროს რაიონი. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ძირითად ძალისხმევას დონეცკის რეგიონის და უკრაინის სამხრეთ ნაწილის დაკავებისკენ მიმართავენ. უკრაინელმა სამხედროებმა კი კონტროლი აღადგინეს კიევის ოლქში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქებზე, როგორიც არის ირპენი, ბუჩა და გოსტომელი. უკრაინული მხარის განცხადებით, ქალაქ ბუჩაში მოკლული უკრაინელების ცხედრებს პირდაპირ გზებზე და ქუჩებში პოულობენ. ზოგიერთ ცხედარს დამწვრობის კვალი აღენიშნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსები ცხდერების ქუჩაში დაწვას და ამით კვალის დაფარვას ცდილობდნენ. სამხედროების თქმით, საერთო სასაფლაოზე 280 ცხედარი დამარხეს, რომელთაგან ნაწილს წამების კვალი აღენიშნება. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსებმა კიევის ოლქში მიტოვებული პოზიციები სრულად დანაღმეს, სადაც სპეციალური ძალები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. მარტო ირპენში უკრაინელებმა ორასამდე ფეთქებადსაშიში ნივთი გაანადგურეს. ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსების ტყვეობაში უკრაინის სხვადასხვა რეგიონის 11 თემის ხელმძღვანელი რჩება, რომელთა ადგილმდებარეობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებათ. მისივე თქმით, ბუჩას რაიონში ადგილობრივი სოფლის თემის ხელმძღვანელი და მისი ოჯახის წევრები გარდაცვლილები იპოვეს, რომლებიც მანამდე რუსებს ჰყავდათ გატაცებული. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დერეფნებს, გასულ დღეს, 4 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის 2 000 ადამიანი გაიყვანეს ქალაქ მარიუპოლიდან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დააკმაყოფილა თურქეთის პრეზიდენტის თხოვნა, მარიუპოლიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ბერდიანსკში ევაკუაციის შესახებ. მათი ევაკუაცია დღეს უნდა განხორციელდეს. ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება დღეს ლუგანსკის ოლქიდანაც. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან