ნიკო ფიროსმანაშვილის „შველი წყლის პირას“ - ფონდ „ქართუს“ საჩუქარი ეროვნულ მუზეუმს

09/28/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად ნიკო ფიროსმანაშვილის შედევრი „შველი წყლის პირას“ გადასცა.
სურათის გადაცემის ცერემონია, 27 სექტემბერს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა.
„შველი წყლის პირას“ ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა. ის არასდროს ყოფილა გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე. 2011 წელს სურათი Sotheby's აუქციონზე გაიყიდა. „შველი წყლის პირას“ იმავე აუქციონზე მეორედ 2016 წელს გამოიტანეს გასაყიდად; ნამუშევარი ცნობილმა მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. სურათი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას შეუერთდა.
ცნობილმა მსახიობმა, თამარ ციციშვილმა (1908-1988) და აკადემიკოსმა დიმიტრი გედევანიშვილიმა (1902-1990) სურათი „შველი წყლის პირას“ 1949 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს – ერთ საღამოს, სეირნობისას უცნობ სახლთან შეჩერდნენ, მასპინძელმა იცნო მსახიობი და სახლში მიიპატიჟა. თამარ ციციშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში მეტეხის მუზეუმში მუშაობდა და კარგად იცნობდა ფიროსმანაშვილის ხელწერას, შესვლისთანავე შეამჩნია კედელზე დაკიდებული სურათი. ყოფილი მფლობელის თქმით, სურათი მასთან „თეთრი დუქნიდან“ მოხვდა. თამარ ციციშვილმა ოჯახს სთხოვა მისთვის მიეყიდა თნამუშევარი. მასპინძელმა გაყიდვა არ ისურვა და სურათი მსახიობს აჩუქა.
ფიროსმანაშვილი პირველი ანიმალისტია ქართულ მხატვრობაში. შველი მას რამდენჯერმე ჰყავს დახატული, თუმცა აღნიშნული სურათი საუკეთესო ვერსიადაა მიჩნეული.
დღეიდან „შველი წყლის პირას“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის სხვა შედევრებთან ერთად გამოიფინება.
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან