IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები


„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) მორიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამენ. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გამოკითხულები შეშფოთებულები არიან საქართველოში რუსი ემიგრანტების გამო და თვლიან, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის მაღალი დონეა. კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 77% რუსეთს ასახელებს. კვლევის თანახმად, ქართველები ცალსახად შეშფოთებულები არიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით. გამოკითხულთა 73% თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა საზოგადოების პოლარიზაციისკენ არის მიმართული.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მარტის კვლევასთან შედარებით, გაზრდილია მოსახლეობის მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორი მიმართულებით, გამოკითხულთა პასუხები ასე ნაწილდება – წინა კვლევასთან შედარებით, 30%-დან 39%-მდეა გაზრდილი იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის თანახმად, შემცირებულია უარყოფითი პასუხის მაჩვენებელიც. თუ მარტში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 62% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ახლა ეს მაჩვენებელი 54%-მდეა შემცირებული.

(IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა შორის ევროკავშირში გაწევრიანებას 73%-იანი მხარდაჭერა აქვს, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა პროდასავლური უნდა იყოს. კითხვაზე, რა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყოს პროევროკავშირული და პროდასავლური. 33% ფიქრობს, რომ უნდა იყოს პროდასავლური, მაგრამ შეინარჩუნოს ურთიერთობა რუსეთთან. 8% ფიქრობს, რომ ქვეყანა უნდა იყოს პრორუსული, მაგრამ ჰქონდეს ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობები. 3% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყოს პრორუსული, 18% ამბობს, რომ არ იცის ან პასუხზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება ნატო-ს, კვლევის თანახმად, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 65% უჭერს მხარს. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მთავარ დაბრკოლებად გამოკითხულთა უმეტესობა რუსეთის პოზიციებს მიიჩნევს. კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, 65% სრულად უჭერს მხარს, ნაწილობრივ უჭერს -14%. ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ჯამურად 16%-ს.

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ყველაზე პოზიტიურად ჯარს, საპატრიარქოსა და პოლიციას აფასებს. შეკითხვაზე, როგორია თქვენი აზრი ჩამოთვლილ თითოეულ ინსტიტუტზე, გამოკითხულ ინტერვიუერთა პასუხები ამგვარად ნაწილდება - საქართველოს ჯარი პირველ ადგილზეა და მას დადებითად აფასებს 77% , უარყოფითად – 16%. საქართველოს საპატრიარქოს – დადებითად აფასებს 71%, უარყოფითად 21%. პოლიციას – დადებითად აფასებს 67%, უარყოფითად 28%.

კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25 პროცენტი – „ქართულ ოცნებას“, 13 პროცენტი კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, პასუხები ასე გადანაწილდა - „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ – 4%. „სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე“- 3%. „ხალხის ძალა“ – 1%. „ლელო“ – 2%. „გირჩი“ – 3%. „გირჩი“ და „დროა“ – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია“ – 2%. „ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი“ – 2%. „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილი – 2%. „ხალხისთვის“ – ანა დოლიძე – 2%. „პატრიოტთა ალიანსი“ – 1%. „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტინფო“ – 1%. „ევროპული საქართველო“ – გიგა ბოკერია – 1%-ზე ნაკლები. სხვა – 1%.

როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრესრელიზშია აღნიშნული, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან