შობის დღესასწაული საქართველოს რეგიონებში


შობის დღესასწაული აღინიშნა აჭარაში მოქმედი ორივე ეპარქიის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა. წირვას მრევლთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. დღეს ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართება ბათუმსა და ქობულეთში, ასევე სხალთის ეპარქიაშიც.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა კახეთის ყველა მოქმედ ტაძარშიც. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ალავერდის მონასტერში, სადაც სადღესასწაულო წირვა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მეუფე დავითმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქრისტე შობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მაცხოვრის შობის დღესასწაულს ღამისთევითა და საზეიმო ლიტურგიით შეხვდნენ ქუთაისში. მაცხოვრის შობის ტაძარში საღვთო ლიტურგია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ აღავლინა. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საშობაო ლიტურგია ჩატარდა გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. საშობაო წირვა-ლოცვას სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია გაუძღვა. მრევლს დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა და შობა მიულოცა. ხალხმრავლობა იყო ფოთის აღდგომის საკათედრო ტაძარშიც. სასულიერო პირებმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცეს.

საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში. საშობაო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა. მან მრევლს შობა მიულოცა და საქართველოსა და მსოფლიოს მშვიდობა უსურვა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან