DMO-მ სამეგრელოს ტურისტული განვითარების გეგმა წარადგინა

15.01.2020 02:07

ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. DMO-ს ხელმძღვანელის ლევან წულაიას თქმით, ეს არის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც სამეგრელოში ტურიზმი სამი მიმართულებით, ანტიკური კოლხეთის რევიტალიზაცია, ბუნება და თავგადასავლები და გასტროტურიზმის მიმართულებით უნდა განვიტარდეს. ანტიკური კოლხეთის რევიტალიზაცია მოიცავს: ტურისტული პროდუქტების განვითარება; კულტურული ტურების განვითარება; კოლხურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ძეგლებისა და არტეფაქტების გაცნობა/გაცოცხლება; საგამოფენო სივრცეების მოწყობა (წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ეთნოგრაფიული მასალა); კვების სივრცე (კოლხური ტრადიციული სამზარეულო); კოლხური ნავების მშენებლობა და გამოყენება ტურისტულ ინდუსტრიაში; გასართობი ცენტრების მოწყობა; კოლხური სილამაზის რეცეპტების აღდგენა. ბუნება და თავგადასავლები: ცხენოსნობა; კაიაკინგი; რაფტინგი; ჰაიკინგი; ველოტურიზმი; კანიონინგი. გასტრო ტურიზმი: აჯიკის სახლის მოწყობა; ვიზიტი ადგილობრივ მეწარმეებთან (ენდემური სახეობების წარმოების ტექნოლოგების გაცნობა და პროდუქციის დაგემოვნება); ვიზიტი ადგილობრივ ბაზარში; სხვადასხა ფესტივალების მოწყობა. აღნიშნული სამოქმედო გეგმა შემუშავებულია მოწვეული ექსპერტის მიერ, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამონაწილეობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ტურიზმის მიმართულების გუნდის აქტიური ჩართულობით. მისი მიზანია ისეთი გზამკვლევი დოკუმენტის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის მდგრად განვითარებას და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდას. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამეგრელოს რეგიონში ახალი და ინოვაციური ტურისტული პროდუქტების შემუშავება, ახალი და არსებული ტურისტული ობიექტებისა და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) არის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის თანამშრომლობით შექმნილი ორგანიზაცია, რომლის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტები. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: