საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები ტარდება

11/17/2017
culturegovge culturegovge-ის მიერ

16-17 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ასევე, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში ბელარუსის კულტურის დღეები ტარდება.
კულტურის დღეების საზეიმო გახსნის ცერემონია და გალა-კონცერტი, 16 ნოემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი იური ბონდარი ესწრებოდნენ.
გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ ბელარუსის სახელმწიფო აკადემიური ქორეოგრაფიული ანსამბლი “Xорошки”, სახელმწიფო ანსამბლი „Песняры”, დამსახურებული არტისტი ალენა ლანსკი, ოპერისა და ბალეტის დიდი ნაციონალურ-აკადემიური თეატრის დამსახურებული არტისტი ვლადიმერ გრომოვი და სიმღერების საერთაშორისო საბავშვო კონკურსის - „ევროვიზია 2017“ ნაციონალური შესარჩევი ტურის ფინალის გამარჯვებული ჰელენა მერააი.
რუსთაველის თეატრის ფოიეში მოეწყო ასევე, ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის გამოფენა «Беларусь и белорусы».
ამავე დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
მწერალთა სახლში, კი გაიმართა ბელარუსი პოეტის, იანკა კუპალას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით, «Грузия, дружная с солнцем страна». ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბელარუსი ლიტერატორის შემოქმედება, რომელიც მის საქართველოში სტუმრობის პერიოდს უკავშირდება.
კულტურის დღეების ფარგლებში,16-17 ნოემბერს, კინო სახლში (რუსთაველის N 52), 14:00 საათიდან 20:30 საათამდე, ნაჩვენები იქნება ბელარუსი რეჟისორების ფილმები. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ მხატვრული დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებას.
ბელარუსის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.




http://culture.gov.ge

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან