თემო ჭახნაკია - ,,ბალადა ბაბუაჩემზე" | #სხვაპოეზია

12/23/2019
Shalva Berianidze-ის მიერ

👉 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს / to see all the poems, please, follow the link: https://bit.ly/2OEekS8

FB Page: http://bit.ly/2H12tHA
FB Group: https://bit.ly/2Zsf7L5
Blog: http://bit.ly/2Np6czO

#სხვაპოეზია

თემო ჭახნაკია - ,,ბალადა ბაბუაჩემზე\"
კითხულობს: შალვა ბერიანიძე
პროექტი: სხვა პოეზია

,,ბალადა ბაბუაჩემზე\"

ტკბილი მოგონების ფურცლებს, ფიქრის წიგნში ვერ ამოვხევ
და ამ ლექსით ზნეშეუცვლელ ქართველ კაცზე უნდა მოვყვე.
მას უყვარდა ნადირობა, იყო ჩუბინი ქებული,
ტყე-ღრეებში დადიოდა, მხარს თოფგადაკიდებული,
ერთხელ, თურმე დედა დათვის სისხლში ხელი გაუსვრია,
ღვინო უსვამს ხელადათი, იმ თოფს მერე არ უსვრია...
იალაღზე ცხვრებს მწყემსავდა, ხირიმით და ნაგაზებით,
მარტო მყოფი კაეშანთან, თუთუნს წევდა ნაფაზებით.
ძაღლი მგლებმა დაუგლიჯეს, წასცვენია თვალთ ცრემლები,
თოვდა... ღამით თოფის ხმაზე გაქცეულან მტაცებლები.
გაჰყოლია სისხლის კვალს და უპოვია მკვდარი მგელი,
რომლის დიდი ჯავრი ჰკლავდა, მგელს ნაძიძგნი ჰქონდა ყელი.
მორს ხეთქავდა და სამესრედ თხელ ლატანებს ამზადებდა,
იყო მუყაითი მეზვრე, არ შეეძლო გაზანტება.
ვაზს უცვლიდა დამპალ ხარდანს, და უსობდა ღობეს მარგილს,
- ვხედავ, ნამჯა მიაქვს ხართან, - წარმოვიდგენ, სიმინდს მარგლის.
ნერგებს რგავდა ახოებში, ვენახის და ჭანჭურების,
ოქტომბერში ღვინით სავსე ჰქონდა ხორგო და ჭურები.
მახსოვს, წაბლის ლაფაროდან ხარ-ურემი გამოჰყავდა.
- ქვაბთან ჭაჭა რომ მოზიდა და არაყი გამოხადა.
ხიდან ადესის ყურძენი ჩამოჰქონდა გიდელათი,
(შემოდგომის ტკბილი ძღვენი), ერთის შემდეგ, კიდევ ათი.
გუთნისდედა იყო, გამრჯე, ჰყავდა ორი გუთნეული,
ვენაცვალე მე მის მარჯვენს, გული ჰქონდა კურთხეული.
მიჰყვებოდა რცხილის ერქვანს და ანეულს ნელა ხნავდა,
სოფლად მარჯვე გლეხი ერქვა, ძმაკაცობდა ყველა ხართან.
ხარებს რქებზე აწებებდა, პირველ ხვნისას ცვილის სანთლებს,
ბებია კი მოაბნევდა, შავ მიწაზე ხორბალს სათლით.
ასე ერთურთს შეაბერდნენ, ორმოცდარვა წელიწადი,
მახსოვს, ბაბუ ჭიგოსთვის, რომ მიდიოდა ტყეში წალდით.
ბებია კი მჭადს ატანდა წვრილ ჯვრებდასმულს, კელამიდის,
ერთ დღეს ბაბუ იქ წავიდა, სადაც ბოლოს ყველა მიდის...
შარშან ბაბუა დავკრძალეთ, მყუდრო სოფლის თეთრ გორაზე,
ნათალ ქვიდან ის აჰყურებს, გადათოვლილ მთებს-გოროზებს.
სტუმრის მისგან სიყვარული, მასპინძლობა მაოცებდა,
მის საფლავზე უნორჩესი, ვაზის ნერგი აღმოცენდა.
თურმე მჟავე ტყემლის ჭამა, არ უყვარდა ბაბუაჩემს,
ცხოვრების გზა და დრო-ჟამი, ხომ ყველაფერს გამოაჩენს.
ვინც გვიცნობს მის შვილიშვილებს, ყველა ჩვენი მოკეთეა,
მადლობა, შენ ბაბუა, რომ კბილები არ მოგვკვეთია.

ვიდეოები „Shalva Berianidze"-ისგან