„შოთა ყავლაშვილი“ წიგნის პრეზენტაცია

06/14/2017
culturegovge culturegovge-ის მიერ

13 ივნისს, მწერალთა სახლში ცნობილი ქართველი არქიტექტორის - შოთა ყავლაშვილის შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
წიგნი-ალბომი „შოთა ყავლაშვილი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, გიორგი ჯანბერიძის ავტორობით გამოიცა. მასში სრულადაა წარმოდგენილი ქართული არქიტექტურის დიდოსტატის შემოქმედება, რომელიც იმდენად მრავალფეროვანია, რომ ფაქტობრივად, წიგნი XX საუკუნის თბილისის ხუროთმოძღვრების ისტორიასაც ასახავს.
გარდა ღირსშესანიშნავი არქიტექტურული პროექტების ავტორობისა, ყავლაშვილი მრავალი წლის მანძილზე იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი და ქალაქის განვითარების, ქალაქთმშენებლური დაგეგმარების პროექტების მთავარი თანამონაწილე. “თბილქალაქპროექტში” ის მრავალი ათეული წელი ხელმძღვანელობდა IV შემოქმედებით სახელოსნოს. ყავლაშვილი იყო “ძველი თბილისის” ისტორიული უბნების აღდგენის, რეგენერაცია – რეკონსტრუქციის იმ დიდი საქმის წამომწყები, რომელმაც დღეს ჰპოვა ასეთი განვითარება.
შოთა ყავლაშვილის შემოქმედება მრავალფეროვანია: არქიტექტურა, მხატვრობა, კვლევა-ძიება ისტორიული არქიტექტურის დარგში; საზოგადოებრივი შენობები, ადმინისტრაციული შენობები, საცხოვრებელი სახლები, ხიდების მშენებლობა, სპორტული კომპლექსები, მცირე არქიტექტურული ფორმები, ინტერიერების გაფორმება, სპექტაკლების გაფორმება და სხვა. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: კ. მარქსის ხიდის რეკონსტრუქცია, “ქორწინების სახლი” სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის რეკონსტრუქცია, ავტოსადგური ორთაჭალაში, სპორტული აუზების კომპლექსი “ლაგუნა-ვერა”, მეტეხის კლდის ქვეშ გვირაბი, არქეოლოგიური მუზეუმი დიღომში, საცხოვრებელი სახლები ჩელუსკინელების ხიდთან, სასტუმრო “შერატონ-მეტეხი” და მრავალი სხვა.
XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, უკვე აღიარებული ხუროთმოძღვარის მთავარი “გატაცება” გახდა თბილისის ისტორიული ბირთვის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის საკითხები. მიუხედავად ძველი კვარტალების ზოგჯერ ზედმეტად თეატრალურ-დეკორაციული წარმოდგენისა, სამუშაოებმა ფართო მასშტაბი მიიღო და დაინერგა სრულიად ახალი დამოკიდებულება ქალაქის ისტორიული უბნების, “ძველი თბილისის” მიმართ, რამაც აღადგინა ამ უბნების კოლორიტი და მომხიბვლელობა.
წიგნში თვალსაჩინოდ იკვეთება ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელობა _ ძველი უბნების რომანტიკის პლიუსები (დანახული სტუმართა თვალით) და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარი ცხოვრებისეული პრობლემები. სწორედ ეს ორი, ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები იყო გაერთიანებული რეგენერაციის და რეკონსტრუქციის სამუშაოთა ყველა საუკეთესო მაგალითში, რომელიც შოთა ყავლაშვილმა განახორციელა. ეს ეხება ბარათაშვილის ქუჩის, კიბალჩიჩის (ახლანდელი ე. ახვლედიანის) აღმართის და ანჩისხატის უბნის განაშენიანების რეკონსტრუქციის პროექტებს, სადაც მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ერთის მხრივ, ისტორიული უბნების ამორტიზებული შენობების ფიზიკურად გადარჩენა-აღდგენა და მეორეს მხრივ, არაფრით ღირებული ამორტიზებული სახლების ადგილზე წარმოქმნილი სივრცის ორგანულად შევსება ახალი შენობებით, რაც თავისთავად საინტერესო არქიტექტურული გამოწვევა იყო, “ძველისა და ახლის პრობლემის” თვალსაზრისით (რესტორანი “ქალაქური”, “ბერიკონი”, “თბილისური წყლები”, “ბავშვთა სურათების გალერეა” და ა.შ.).
იმ სახელებს შორის, რომლებსაც XX საუკუნე უტოვებს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიას, შოთა ყავლაშვილს გამორჩეული ადგილი უკავია. მისი არქიტექტურული ნაწარმოებები ქართული ხუროთმოძღვრების კლასიკად იქცა.
გიორგი ჯანბერიძის წიგნი-ალბომი “შოთა ყავლაშვილი” მრავალმხრივ საინტერესოა, ყურადღებას იპყრობს დახვეწილი დიზაინით და მაღალპოლიგრაფიული ხარისხით, მდიდრულად არის ილუსტრირებული და ხელოვნების მოყვარულთათვის, პროფესიონალებისა და ახალგაზრდა არქიტექტორებისათვის მეტად საინტერესო მასალას გვთავაზობს.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან