ფრაგმენტი დადიანების სააღდგომო ტრადიციიდან

04/28/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმი სამეგრელოს მთავრების უამრავ პირად ნივთთან, ხელოვნების ნიმუშებთან და ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად მათ ტრადიციებსაც ინახავს. ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია კი დადიანების მიერ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას უკავშირდება.
მუზუმის დირექტორი ლილი ბერაია გვიყვება, რომ დადიანები ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ტრადიციულად აღდგომას კარის ეკლესიაში ხვდებოდნენ, მოგვიანებით კი სასახლეში დიდი სუფრა იშლებოდა, რომლის მთავარი ატრიბუტი სწორედ ფაიფურის მოხატული კვერცხები იყო.
„ეს კვერცხები შეკვეთით არის დამზადებული. როგორც ხედავთ, სხვადასხვა ნახატითაა გაფორმებული. შესაძლოა, ბიბლიური სცენებიც ყოფილიყო მათზე აღბეჭდილი, თუმცა, ჩვენამდე მხოლოდ ამ ფაიფურის ექვსმა კვერცხმა მოაღწია. მათ დადიანები ამზადებინებდნენ საგანგებოდ ორი მიზნით, პირველ რიგში იმისთვის, რომ სააღდგომო სუფრაზე სწორედ მათზე დაენთოთ სანთელი და ასევე იმის გამო, რომ მათთვის ძვირფასი ადამიანებისთვის ეჩუქნათ. ასე იყო სხვა ნივთების შემთხვევაშიც“, - გვითხრა მუზეუმის დირექტორმა.
დადიანების სასახლეში სააღდგომოდ ხშირად გამორჩეულად ბევრი სტუმარი იყრიდა ხოლმე თავს. ერთ-ერთი მათგანი იყო ფრანგი მეცნიერი მარი ბროსე, რომელიც 1848 წელს დადიანებმა დაპატიჟეს. ის ეკლესიაში სააღდგომო წირვასაც დაესწრო და სუფრაზეც იმყოფებოდა.
„როგორი იყო თვითონ სასახლეში სააღდგომო სუფრა აღდგომას, ამაზე გვიყვება ის ჭურჭელი, რომელიც მაშინ იშლებოდა. მათი უმეტესობა სახელობითია და მთავრების ინიციალები და გვირგვინია აღნიშნული. ისინი ყველა ტრადიციას იცავდნენ, მათ შორის, ამასაც“, - ამბობს ლილი ბერაია.

მუზეუმის ადმინისტრაციამ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, რომ აღდგომის მოახლოებისას ერთ-ერთ დარბაზში, სასადილო მაგიდაზე სწორედ ფაიფურის ჭურჭლებითა და შემორჩენილი ფაიფურის კვერცხებით სუფრა გაეშალათ, რომ დამთვალიერებლებს წარმოდგენა ჰქონოდათ, დაახლოებით, როგორ აკეთებდნენ ამას მეცხრამეტე საუკუნები დადიანები. წელს ამ დარბაზში დამთვალიერებლები ფაიფურის ნივთებს მოხლოდ ვიტრინაში ნახავენ, რადგან რამდენიმე კვირის წინ ჭერის ჩამოვარდნის შედეგად მაგიდისა და ინვენტარის ნაწილი დაზიანდა. ლილი ბერაია ამბობს, რომ ამ ადგილზე მათი გამოტანა ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ არის.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან