საქართველო ბერლინის 71-ე კინოფესტივალზე | Georgia at the 71th Berlin International Film Festival

02/11/2021
Georgian National Film Center-ის მიერ

© Georgian National Film Center
  / georgiannationalfilmcenter  

მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს “უძნართა მზე” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ვერცხლის დათვი” გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა. თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ კი ბერლინალეს მთავარ სელექციაში ალექსანდრე კობერიძის ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და მისი სახელწოდებაა “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.
ასევე, ბერლინალეს წლევანდელ გამოშვებაში იქნება წარმოდგენილი სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება”. ბერლინში ფილმს აჩვენებენ სექციაში “ფორუმი”. ის შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ორივე ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრი წელს უკვე მეთექვსმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტირული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის – გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით. პანდემიის გამო პავილიონი ვირტუალური იქნება, შეხვედრები კი ონლაინ რეჟიმში გაიმართება კინოფესტივალების პროგრამერებთან, გაყიდვების აგენტებთან, დისტრიბუტორებთან და პროდიუსერებთან.

საქართველოს ვირტუალური პავილიონის სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე ქართული კინოინდუსტრიის, მიმდინარე პროექტებისა და ქართული კინომემკვიდრეობის შესახებ. კინოცენტრის გუნდს შესაძლებლობა ექნება გაუწიოს პოპულარიზაცია საქართველოში ბოლო წელს წარმოებულ კინოპროდუქციას.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენაა, რომელიც კანისა და ვენეციის კინოფესტივალებთან ერთად, ევროპის წამყვან კინოფესტივალთა სამეულში შედის. მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში მყოფი

საქართველოს თანამშრომლობა ფესტივალთან 1986 წელს იწყება, როდესაც გიორგი შენგელაიას ფილმს “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” ბერლინალეზე “ვერცხლის დათვი” გადაეცა საუკეთესო რეჟისურისთვის. მას შემდეგ ბერლინში არაერთი ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა. ბოლო წლებში სექციებში “ფორუმი” და “პანორამა” წარმოდგენილი იყო ისეთი ქართული ფილმები როგორებიცაა “გრძელი ნათელი დღეები”, “სუსა”, “გაღმა ნაპირი”, “ჩემი ბედნიერი ოჯახი”, “ჩემი საბნის ნაკეცი”, “შემთხვევითი პაემნები”, “პატარძლები”, “მძევლები”, “მზის ქალაქი”, “ჰორიზონტი” და სხვ.

ვიდეოს ავტორები: შოთა (ზამზა) იმნაძე და ბასა ხარაზი.