სპელეოლოგი ჩხოროწყუდან

07/12/2021
Giorgi Murvanidze-ის მიერ

თამარ თოლორდავა ჩხოროწყუში ცხოვრობს. ის, ყოველდღიურად სახლიდან სამსახურამდე- ჩხოროწყუდან ზუგდიდამდე, ერთსა და იმავე გზას გადის. გზა ერთია, ამბები და თავგადასავლები კი, რაც თამარს ყოველდღიურად ხვდება - არაერთგვაროვანი. მრავალფეროვნება თამარის ცხოვრებაში პროფესიებს უკავშირდება. თამარი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დენდროლოგად და ბოტანიკოსად მუშაობს, გეომორფოლოგიის განყოფილებაში კი - სპელეოლოგად.
თამარი სპელეოლოგიით 2015 წლიდან დაინტერესდა. სპელეოლოგია -ბუნებისმეტყველების დარგია, რომელიც ბუნებრივად წარმოშობილ მღვიმეებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებს შეისწავლის. თამარი ხშირად სტუმრობს მღვიმეებს, მონაწილეობს ექსპედიციებში, რაც გულისხმობს მღვიმეების წარმოშობის, ასაკის, სტრუქტურის, ეკოსისტემის შესწავლას.
სწორედ შესწავლის, ძიების, აღმოჩენის პროცესია თამარისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და მნიშვნელოვანი ამ დარგში. თამარი ამბობს, რომ ფიზიკური და მორალური მზადყოფნის გარდა, სპელეოლოგს გააზრებული და გადალახული უნდა ჰქონდეს ნებისმიერი სახის შიში, რაც მღვიმეში - ხშირად ექსტრემალურ პირობებში მუშაობის თანმდევია.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების გარდა, თამარს ხელოვნურ ბარიერებთან - გარშემომყოფების განწყობებთანაც უწევს გამკლავება. მისთვის ხშირად უთქვამთ „გოგო ხარ და არ შეგეფერება ეს საქმე“, „გოგოს მანდ რა უნდა“, „გოგო ხარ და მიატოვებ“. სტერეოტიპული შეხედულებების საპირისპიროდ თამარი ამბობს, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ამ იდეით ხელმძღვანელობს.
ფილმი თამარ თოლორდავაზეა; თამარზე, რომელიც სახლიდან ხშირად ზურგჩანთით, ჩაფხუტით, კარვით გადის და მზადაა მორიგი აღმოჩენებისა და თავგადასავლებისთვის. მიუხედავად წინააღმდეგობებისა და გარშემომყოფების წინასწარგანწყობებისა, ის ერთგული რჩება იმ საქმისა, რომელიც აინტერესებს და ძალიან უყვარს
• რეჟისორი: გიორგი მურვანიძე
• პროდიუსერი: ბაჩო გურაბანიძე
• ოპერატორები: გოჩა კვაჭაძე, გიორგი მურვანიძე
• დრონის ოპერატორი: გოჩა კვაჭაძე
• გრაფიკა: გიორგი ხომერიკი
• მონტაჟი: გიორგი მურვანიძე
• მძღოლი: გოჩა ქერქაძე
• სინოფსისი: მარიამ ტაკიძე
#თამართოლორდავა