ქალის ხმა გადამწყვეტია

09/05/2016
WIC ORG-ის მიერ

რაჭაში, ქალაქ ამბროლაურის ცენტრში ბანერი #ქალისხმაგადამწყვეტია ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილზეა გაკრული. ტილო, რომელიც მხატვარმა ზალიკო სულაკაურმა შექმნა მწერლისა და საბას პრემიის ლაურეატის, ანა კორძაია–სამადაშვილის საჯარო ლექციაზე გამოკვეთილი 'მესიჯებით' ადგილობრივ ქალებსა და კაცებს, მოხუცებსა და ახალგაზრდებს თავიანთ აქტიურ საარჩევნო უფლებას შეახსენებს.
„რა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, რატომ შეგვიძლია“- სწორედ ამ სათაურით გაიმართა გასულ თვეში ამბროლაურის კულტურის ცენტრში საჯარო ლექცია, რომელსაც ანა კორძაია-სამადაშვილი უძღვებოდა. ლექციის მიზანი იყო ამომრჩეველი ქალების გააქტიურება, გამოიყენონ მათი საარჩევნო ხმის უფლება, რაც მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად. ამჯერდა კი, კულტურის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა ნახეს ფილმი „სუფრაჟისტები“, რომელშიც ბრიტანელი ქალების ხმის მიცემის უფლებისათვის ბრძოლის შესახებაა მოთხრობილი. ფილმის ბოლოს რეჟისორმა და დრამატურგმა თამარ ბართაიამ უპასუხა დარბაზის შეკითხვებს და ყურადღება გაამახვილა ქალების, როგორც ამომრჩევლების პასუხისმგებლობაზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.
ღონისძიებები გაიმართა პროექტის \"ქალის ხმა გადამწყვეტია\" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ქალაქ ამბროლაურში. პროექტის მიზანია ქალაქ ამბროლაურში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველ ქალთა მონაწილეობის გაზრდა.

ავტორი: სალომე მოდებაძე

ვიდეოები „WIC ORG"-ისგან