რუდი: მხარს გიჭერთ თხილის წარმოების განვითარებაში და ხვალაც ვიდგებით თქვენთან

08/16/2019
Radio Atinati-ის მიერ

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობასა და ფერმერებს თხილის წარმოების განვითარებაში და ამაყობს მიღწეული შედეგით. ამის შესახებ მან ზუგდიდში, საწარმო „ჯეო ნათსში“ ფერმერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. რუდის თქმით, ფაროსანასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

„თხილის სექტორს ექსპორტის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. ამერიკა, ხედავს რა პარტნიორების შედეგებს მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში,ამაყია.  ეს წარმატება შესაძლებელი გახდა,პარტნიორობით. ერთობლივი  ძალისხმევის შედეგად ფერმერები გაძლიერდნენ და უკეთესი შესაძლებლობა აქვთ, მომავალშიც მოიყვანონ კარგი მოსავალი. საქართველოს დახმარება, რომელმაც, მთლიანობაში  ექვს ნახევარი მილიონი დოლარი შეადგინა, ორი წლის წინ დავიწყეთ. მთელი ეს დახმარება წინაპირობაა, რომ ხვალ ისინი დახმარების გარეშე შეძლებენ მეტის წარმოებას, ეს კი გააძლიერებს თემებს და კეთილდღეობას მოუტანს ხალხს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფერმერებსა და მთავრობას, მათ შორის, თხილის წარმოების განვითარებაში, რაც  ხელს უწყობს დამოუკიდებლობას. ჩვენი კი ამ ძალისხმევის წინა ხაზზე ვართ, გილოცავთ ამ წარმატებას და ხვალაც ვიდგებით თქვენთან“,- განაცხადა რუდმა.

მეწარმეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.  როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, დიდწილად, აზიური ფაროსანას გამოწვევა დაძლეულია.

„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევა დიდწილად დაძლეულია. ვეყრდნობით 2019 წლის შუალედურ შედეგებს.  თხილის სექტორში სხვა გამოწვევებიც გვქონდა, პარალელურად დაიწყო თხილის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამა, შედეგად მივიღეთ ერთ-ერთი საუკეთესო მოსავალი, რაც ბოლო წლებში გვქონია. რა თქმა უნდა, მიმდინარე და  მომავალ წლებშიც უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, დავიბრუნოთ პოზიციები.

 თხილი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ჩართულობით კონტროლში გვექნება პოპულაცია.  ვმუშაობთ, რომ ერთი წლის განმავლობაში, 100 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი გვქონდეს, მთავარი მოთხოვნა კი ევროკავშირიდან მოდის. რაც შეეხება ფასს, ის შარშანდელზე სამჯერ მეტია, რაც ხარისხისა და რეგიონული თანამშრომლობის შედეგია“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა. ბახტაძე ამბობს, რომ თხილის მოსავალი წელს ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინზე მეტია.

ზუგდიდიდან ხელისუფლების წარმომადგენლები აბაშაში გაემგზავრნენ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან