აშშ ის $250 მილიონი რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის

06/20/2017
Business Media Georgia-ის მიერ

დღის რიცხვი არის 250 მილიონი
დიდი ალბათობით, 250 მილიონ დოლარს გამოყოფს ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 2018-2019 წლებში.
აშშ-ის სენატმა 97 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ევროპასა და ევრაზიაში რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.
კანონპროექტში რუსეთი ოკუპანტადაა მოხსენიებული საქართველოსთან მიმართებაში. მხედველობიდან არც უკრაინა გამორჩენიათ. დოკუმენტში წერია, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსირებაც მოახდინა. კანონპროექტში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთან გააფორმა.
მხედველობიდან არც ფეიკ-ნიუსებისა და საინფორმაციო ტერორიზმის სიმრავლე გამოჰპარვიათ. კანონპროექტის მიხედვით, რუსეთი მის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებებითა და სხვა გზებით ცდილობს გავლენის მოხდენას ევროკავშირის წევრ, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.
კანონის მიღების შემთხვევაში, კანონის ძალით გამყარდება რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებული სანქციები და ახალ სანქციებსაც შემოიღებენ რუსული ბიზნესისა და რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მავნე კიბერაქტივობას ეწევიან ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
დოკუმენტი, რომელიც თითქმის მიღებულია, აწესებს ახალ სანქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად დარგებზე, მათ შორის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, მეტალურგიულ, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის სექტორებზე. დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და დეზინფორმაციის აღკვეთის მიმართულებით, იქ, სადაც მაღალია რუსეთის აგრესიისა და ჩარევის ალბათობა.
გილოცავთ ამ ამბავს, უფრო მხურვალედ კი კანონის მიღების დღეს მოგილოცავთ. კანონის ძალა ახალ სანქციებს მაშინ მიეცემა, როცა წარმომადგენელთა პალატა დაამტკიცებს და ამერიკის პრეზიდენტი ხელს მოაწერს. თუ ეს მოხერხდა, კანონის გაუქმებას უკვე ამერიკისის კონგრესის უშუალო თანხმობა დასჭირდება. იმედია ტრამპი ამ ამბავს სავაჭრო ერთეულად არ გამოიყენებს და თუნდაც იმის დასამტკიცებლად, რომ პუტინს არ გაუპრეზიდენტებია, კანონი გავა.

#დღისრიცხვი
შოთა დიღმელაშვილი
საქმიანი დილა
20/06/2017

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან