#ახალიწლისნობათი - როგორ გააერთიანა პანდემიამ ახალგაზრდა ქალები შეჭირვებული ოჯახებისთვის

12/22/2020
Radio Atinati-ის მიერ

#ზუგდიდი #ახალიწლისნობათი #სოლიდარობისკამპანია #პანდემია

ზუგდიდელი ანი ცირდავა სოციალურად დაუცველი ოჯახების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის საახალწლო ნობათს აგროვებს. ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც წარმოიდგინა, რომ შესაძლოა ახალი წლის ღამეს ვინმე ტკბილეულისა და საკვების გარეშე დარჩეს. ჩანაფიქრის შესახებ პოსტი ფეისბუკზე გაავრცელა და როგორც თავად ამბობს, რამდენიმე წუთში მას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასე დაიწყო სოლიდარობის კამპანია #ახალიწლისნობათი.

„ერთ საღამოს საზამთროდ მოხუფულების ასაღებად საკუჭნაოში შევედი, რატომღაც არაფერი მომინდა. სწორედ ამ დროს გავიფიქრე, ხომ შეიძლება ეს ყველაფერი სჭირდება ადამიანებს... იდეის შესახებ ჩემი და ჩემი მეგობის მიერ შექმნილ ერთ - ერთ ფეისბუქ ჯგუფში დავპოსტე.ძალიან დიდი აქტიურობა წამოვიდა. არის შემთხვევები, როდესაც ტრანსპორტიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ საჩუქრების მოტანას. ასეთ დროს იქით მივდივარ მათთან მანქანით, ტომრებში ჩაწყობილი უამრავ რამეს მახვედრებენ: ლეჩოები, მურაბები, პომიდორის წვენები, თუნდაც კამფეტები ნებისმიერი რამ, რაც ოჯახში მოეპოვებოდათ. უმარავი რამ შეგროვდა, არც ველოდი’’, - ამბობს ანი.

ახალგაზრდა მოხალისე გვიყვება, რომ წამოწყებულ კამპანიას სოაციალურად დაუცველი ორი შვილის დედაც გამოეხმაურა და სხვების დახმარების სურვილი გამოთქვა.

,, მითხრა თუ სირცხვილი არ იქნება მე მაქვს პომიდორის წვენი და ტყემლის წვენი, შეიძლება ეს ორი მოგაწოდოო? მე ვუთხარი კი, იმ შემთხვევაში თუ თქვენი პატარების ასაკს მეტყვი და ჩვენგანაც შენი პატარები საახალწლო საჩუქარს მიიღებენ. ჯერ არ მიმიწერია, მაგრამ ვგეგმავ ეს განვახორციელო’’, - გვითხრა მან.

ანი ფიქრობს, რომ საჭირო დროს შექმნილმა ჯგუფმა, რომელსაც ამ ეტაპზე 5000 - ზე მეტი წევრი ჰყავს და მათი დიდი უმრავლესობა ქალია, გაამართლა. მისი თქმით, აქ უკვე სხვადასხვა შინაარსის პოსტებს, მათ შორის, გასაყიდი ნივთების შესახებაც აქვეყნებენ.

,,ზოგმა ჩურჩხელა დადაამზადა, ზოგმა საყურეები გააკეთა საკუთარი ხელით და მოახდინა რეალიზაცია. ასევე, დაკეტილი მაღაზიების მფლობელებს დავემხარეთ, რომლებიც პანდემიის პირობებში პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახდენდენ. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ადგილობრივი თაფლი, ტყემალი, ნებისმიერი რამ, რასაც ქალები ამზადებენ ერთმანეთს ვუნაწილებთ და ასე ვყდით ხოლმე’’, - გვიყვება ჩვენი რესპოდენტი.

ანი და მისი მეგობრები შეგროვილი ნობათის დარიგებას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. ასე მიულოცავენ ახალგაზრდა ქალები ახალ წელს იმ ოჯახებს, რომლებსაც საზოგადოების მზრუნველობა და დახმარება სჭირდებათ.

რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter:https://twitter.com/Atinati1059
https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან