ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმა ჩამოყალიბდა


ერთობა \"ახალი საქართველო\" - ამ სახელწოდებით დღეს ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმა ჩამოყალიბდა. 15-მა სუბიექტმა, რომელთა შორის არიან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოებრივად აქტიური პირები, გაერთიანების შესახებ განაცხადა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს გაწევრიანება შესთავაზა.

ახალი ერთობის წევრებმა ოპოზიციურ, პროდასავლურ ძალებს გაერთიანებისაკენ მოუწოდეს და პრაიმერის გზით ოპოზიციური მერობისა და საკრებუოს დეპუტატების ერთიანი კანდიდატის წარდგენა შესთავაზეს.

პრეზენტაციაზე \"ახალმა საქართველომ\" განცხადება გაავრცელა:

\"ჩვენ, აქ შეკრებილი მოქალაქეები, საზოგადოებისა და პოლიტიკური გაერთიანებების წამომადგენლები, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენ ერთობას და მოგიწოდებთ გავერთიანდეთ ძლიერი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს იდეის გარშემო!

დღეს, ვიწყებთ სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმის ერთობა #ახალი საქართველოს ჩამოყალიბების პროცესს. ამ მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციურ, პროდასავლურ ძალებს გავაერთიანოთ ჩვენი ამომრჩევლები და პრაიმერის გზით გამოვავლინოთ ოპოზიციური მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის ერთიანი კანდიდატები, რათა შევცვალოთ ხელისუფლება და ახალი იმპულსი მივცეთ ქვეყნის განვითარებას.

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის 25 წლიანი პერიოდი მიმდინარეობს გათიშულობისა და მწვავე დაპირისპირების რეჟიმში, რის გამოც ეროვნული ენერგიის დიდი წილი იხარჯება ნგრევასა და დესტრუქციაზე, მაშინ როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი, კრიტიკულად იზრდება რეგიონული და გლობალური საფრთხეები, ხოლო მოქალაქეების დიდი ნაწილი გაუსაძლის სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება. საზოგადოება უიმედობამ და ნიჰილიზმა მოიცვა, ხელისუფლება კი მიტაცებული აქვს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც არც იდეა, არც პროფესიონალიზმი და არც პრინციპები გააჩნია. მდგრადი, თანამედროვე და წარმატებული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ დამანგრეველი ტენდენციის დაძლევა და ეროვნული კონსოლიდაციისა და ერთობის პროცესის დაწყება.

ამ მიზნით, ჩვენ ვქმით განსხვავებულ პრინციპებზე აგებულ ერთობას, სადაც მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯანსაღი იდეოლოგიური პრინციპების გარშემო. ამ ერთობაში ვიზიდავთ გამოცდილ პროფესიონალებსა და ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც საკმარისად არიან ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩამოშორებულები არიან სახელმწიფოს მართვას, რადგან დღევანდელ კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში ჩაფლულ ხელისუფლებას ამგვარი ადამიანიანები არ სჭირდება. ჩვენ მათ უნდა მივცეთ ასპარეზი აქტიურად ჩაერთონ ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში.

ერთობა #ახალისაქართველოს წიაღში ჩამოყალიბდება ჯანსაღი მმართველობითი ფენა, რომელიც არჩევნებში გამარჯვების გზით მოვა ხელისუფლებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობით ავაშენებთ ახალ საქართველოს, ცოდნისა და ინოვაციების ქვეყანას რომლითაც ვიამაყებთ, რომელშიც იცხოვრებენ ბედნიერი, თავისუფალი და საკუთარ მომავალში დარწმუნებული ადამიანები, სადაც ურთიერთთანადგომითა და სოციალური სოლიდარობით არავინ იქნება დავიწყებული და მიტოვებული, რომელიც იქნება რეგიონის მიზიდულობის ცენტრი და დიდი ევროპის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრი, ადგილი სადაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდი კულტურები ერთმანეთს შეხვდებიან და შეეზიარებიან!

ეს არის ჩვენი მიზანი, რომელიც მხოლოდ ერთობითა და თანადგომით მიიღწევა\",- ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანებაში გაწევრიანდნენ გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო), ნიკოლოზ ვაშაკიძე (ახალი ერთობა საქართველოსთვის), მამუკა გამყრელიძე (ახალი ერთობა საქართველოსთვის), პაატა დავითაია (ევროპელი დომოკრატები), ზურაბ ხარატიშვილი (სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის).

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან