პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - სიპატარავე

04/27/2021
Michael's Blog 13-ის მიერ

გამოიწერეთ არხი :)
https://www.facebook.com/profile.php?...

სიპატარავე

გავიგე, ღმერთო, ახლა მე_ ჩვენ ვარ!
დაყოფას აზრიც არ აქვს... მე , შენ, ის;
სული იმდენად დიდი მეჩვენა,
სიპატარავე აღარ შემშვენის!

\"რა ხმა ჰქონია უსიტყვო ლოდინს\"...
აღვემატები ყველა სვასტიკას;
ღმერთო როგორღაც ჩემამდე მოდი
და გამისწორდი მერე სასტიკად.

ჩემი გონება მაძლევს ბრმა იმედს,
სულმა სხეული უნდა გაკვეთოს.
თუ გინდა შექმნა, მართლაც, რაიმე,
მხოლოდ სიკეთით უნდა აკეთო...

მეხსიერებას ჯერ კიდევ ახსოვს,
უდაბნო თვალში ნაქსოვი ლურჯად.
ფიქრს მისტიურად მოედო ხავსი
და შესანახად არ ეყო უჯრა.

თვითირონიამ დიდხანს მაგროვა,
უძლებდა ტკივილს: სკამიც, კამოდიც...
დღეს, მეამბოხე ბავშვის საგლოვად,
ქორფა სხეულზე ხავსი ამოდის.

ვიცი, დამფარავს ტკივილის ბლონდი
და კიდევ მრავალ ტკივილს ავიტან.
გთხოვ, სუიციდურ ქუჩებით მოდი
ბავშვობის სახლის სახურავიდან.

წვიმები ცვლიან ეზოს, სცენარებს,
\" როგორ ადაბლებს თოვლი სახურავს \"
ამ გიჟურ ამინდს ცრემლთა ცვენა რევს
და ძველი სახლიც დგას უსახურად.

ყინვებმა ქარში შარჟი აყარეს,
სულის დუმილი; ქვიშა და კონცხი...
ვგრძნობ, ისე როგორც უცნობ საყვარელს -
წვიმას, რომელიც ყინვასღა ჰკოცნის.

მე ჩაგიხუტებ, თუ მოხვალ, მოხვალ...
ტრფიალით მოსულ ხავსიან ნაღველს.
რა ვქნა, რომ მიყვარს ტალახში ხოხვა...
ბორგვა, რომ უყვარს ჩემს გვარს და სახელს.

გავიგე, ღმერთო, ახლა მე_ ჩვენ ვარ!
ცრემლი გახეთქავს კრძალვის ქვაფენილს.
წვიმამ წაიღო თითქოს შეჩვევა
და აღარ დარჩა აღარაფერი.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

ვიდეოები „Michael's Blog 13"-ისგან