თბილისსა და მარნეულში აპლიკაციების შევსება დაიწყო


თბილისსა და მარნეულში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 342 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. ამ ეტაპზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 2-ოთახიანი და 3-ოთახიანი ბინები განაწილდება. გარდა ამისა, თბილისში რამდენიმე ნგრევადი ობიექტი დაიხურება. მარნეულში გრძელვადიანი განსახლების მოთხოვნით განაცხადებს ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეავსებენ. მარნეულში საცხოვრებელი ფართი 18 დევნილ ოჯახს გადაეცემა. იმ დევნილმა ოჯახებმა კი, ვინც უკვე შეავსეს განაცხადი, დამატებითი დოკუმენტაცია მხოლოდ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში უნდა წარმოადგინონ. განაცხადების მიღება 2018 წლის 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება როგორც სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში (თბილისი - თამარაშვილის ქ.N15ა, ზუგდიდი - ხუბულავას ქ.N6, ქუთაისი - აბაშიძის ქ.N28), ისე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ. დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების ერთიანი ელექტრონული ბაზა შეიქმნა. ერთიან ელექტრონულ ბაზაში უკვე შევსებული 30 000-ზე მეტი განაცხადიც აიტვირთა. პარალელურად, შეიქმნა ვებ-გვერდი ( http://scoring.mra.gov.ge) ,რომლის საშუალებითაც დევნილები ელექტრონულად შეამოწმებენ მინიჭებულ ქულებს და განაცხადების განხილვის ყველა ეტაპის შესახებ ინფორმაციას ოპერატიულად მიიღებენ.

ვიდეოები „დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო"-ისგან