გრიგოლ ვაშაძე ანაკლიაში: სამეგრელო არის სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითი

07/25/2018
Radio Atinati-ის მიერ

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ წინასაარჩევნო კამპანია სამეგრელოდან დაიწყო. ის დღეს მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერებთან ერთად ზუგდიდში მატარებლით ჩამოვიდა, მოგვიანებით, ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს შეხვდა, საბოლოოდ კი ანაკლიაში შეხვედრა ადგილობრივებთან გამართა.



კანდიდატის თქმით, კამპანიის სწორედ სამეგრელოდან დაწყების მთავარი მიზეზი ის არის, რომ როგორც ვაშაძე ამბობს, სამეგრელო სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითია. მან აქ არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.



„სამეგრელოს მოქალაქე პატრიოტიზმში არავის შეეჯიბრება, თუმცა, თუ საჭირო გახდა, სამეგრელოდან პატრიოტიზმის ექსპორტი შეიძლება. სამწუხაროა, რასაც აქ ვხედავთ. ყველაფერი გაჩერებულია. არაა სამუშაო ადგილები, ღირსეული შემოსავლები, ადამიანები ვერ ხედავენ პერსპექტივას, ჩავარდნილია საკურორტო სეზონი. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ ამ არჩევნებში სამეგრელოს თითოეულ მოსახლესთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და გადავაყენებთ მთავრობა, რომელიც უსუსური, უცოდინარი და უქნარა და ამავე დროს, მავნებელია ჩვენი სამშობლოს ინტერესების მიმართ“, - აღნიშნა ვაშაძემ.

მასთან ერთად ადგილობრივებს მოძრაობის ლიდერებიც გაესაუბრნენ. მათ შორის „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაც იყო, რომელიც საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამასთან, მან 11 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი მთავარი მიღწევა ერთიანობა და საკუთარ რიგებში ხალხისთვის მისაღები ადამიანების ყოფნაა.



„ჩვენს მოძრაობაში, რომელშიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საზოგადოებრივმა ჯგუფებმაც მოიყარა თავი, მთავარი და დამაგვირგვინებელი წარმატებაა ის, რომ გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ჩვენი შეთავაზება და გადაწყვიტა, კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. ბევრი ცდილობს, მათ შორს, ბიძინა ივანიშვილი, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, თითოს, არ მიანიჭოს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და საზოგადეობას უთხარს, რომ არც აქვს მნიშვნელობა, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ გავიმარჯვებთ და ამის კვალდაკვალ ხელისფლებას შევცვლით ხელისუფლებას, რათა შევაჩეროთ უკულსვლა და წავიდეთ განვითარებისკენ“, - თქვა ქარდავამ.

რაც შეეხება ამომრჩევლებს, მათ ვაშაძის კანდიდატურა მოსწონთ და არჩევნებში მისი გამარჯვების იმედი აქვთ.

„კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ვაშაძე არის კანდიდატი. გვაქვს იმედი, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს და იქნება უკეთესი მომავალი ჩევნი ქვეყნისთვის“, - უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ანაკლიელმა ჯილდა შენგელიამ.

გრიგოლ ვაშაძე იკანდიდატად „ძალა ერთობაშიამ“ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან