2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მიწა მიიბარებს

05/16/2021
Zaza Tsotniashvili-ის მიერ

გენერლის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების შემდეგ საქართველოს ესტუმრებიან გიორგი კვინიტაძის შთამომავლები. 24-25 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, 26 მაისს გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
გიორგი კვინიტაძე 1974 წლის 21 აგვისტოს დაღესტანში პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუაც და მამაც სამხედროები იყვნენ, ამიტომ გიორგის ბედი პატარაობაშივე გადაწყდა, მას მამის მსგავსად რუსეთის არმიაში უნდა ემსახურა. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 10 წლის გიორგი ტფილისის კადეტთა კორპუსში მიაბარეს, საიდანაც სწავლა პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელში განაგრძო და წარმატებით დაამთავრა კიდეც ოფიცრის წოდებით.
1905-1917 წლამდე გიორგიმ მრავალი ჯილდო მიიღო ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და პირველ მსოფლიო ომებში (1914-1918). მკაცრმა აღზრდამ, დისციპლინამ და ფრონტზე ბრძოლამ დიდი გამოცდილება შესძინა მას.
1917 წელს გენერალი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა. მან მიზნად დაისახა რეგულარული ქართული არმიის შექმნა და გაწვრთნა.1918-1921 წლებში გენერალი კვინიტაძე დამოუკიდებელ საქართველოს საბჭოთა რუსეთისგან იცავდა, მან ბოლშევიკების მეთაურობით დაგეგმილი არაერთი აჯანყება და ამბოხი ჩაახშო, რითაც გაახანგრძლივა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა.
ნოე ჟორდანია „ჩემი წარსულის“ ფურცლებზე იგონებს - „ როცა რუსები თავს დაგვესხნენ, მთავარსარდლად დავნიშნე გენერალი კვინიტაძე, აქტიური, სწრაფი, მოქმედი, მხოლოდ ჯიუტი და მიუკარებელი“.
გენერალი კვინიტაძე 1918 წლის დასაწყისიდან იყო ქართული საარმიო კორპუსის I დივიზიის მეთაური. 1918 წლიდან ამიერკავკასიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. 1918 წელს გახდა გენერალი. 1918 წლის მაის-სექტემბერში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. შეიარაღებული ძალების შექმნის საკითხში რესპუბლიკის მთავრობასთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა.
1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს დაინიშნა სადახლო-შულავერის ფრონტის საველე შტაბის უფროსად. 1919 წლის მარტიდან იყო ახალციხე-ახალქალაქის მაზრების გენერალ-გუბერნატორი და რეგიონის ქართული გარნიზონის სარდალი, მეთაურობდა მაზრაში სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლას და დაამარცხა ისინი. შემდეგ იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ და მათთან ბრძოლისას, 1919 წლის აპრილში გაათავისუფლა არტაანი. 1919 წლის სექტემბრიდან იყო ქართული სამხედრო სკოლის უფროსი. 1920 წლის 29 აპრილს ხელახლა დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე. 1920 წლის მაისში დაამარცხა აზერბაიჯანის სსრ-ის მხრიდან საქართველოში შეჭრილი წითელი არმიის ნაწილები. სურდა შეტევის გაგრძელება და ბრძოლის გადატანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რათა სრულად გაენადგურებინა იქ არსებული წითელი არმია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამის ნება არ მისცა. 8 სექტემბერს დატოვა მთავარსარდლის თანამდებობა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაუბრუნდა სამხედრო სკოლას. 1921 წლის 16 თებერვალს მესამედ დაინიშნა მთავარსარდლის პოსტზე. რუსეთ-საქართველოს ომის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თბილისის დაცვას, რასაც წარმატებით ახერხებდა 18-24 თებერვლის განმავლობაში. 24 თებერვალს მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ. მისი გეგმით უნდა გამაგრებულიყვნენ მცხეთასთან და შემდეგ კონტრშეტევით დაემარცხებინათ მტერი. მაგრამ კვინიტაძის გეგმამ არ იმუშავა. კვინიტიაძემ ვერც ოსიაურის ბრძოლაში მოახერხა წითელი არმიის შეჩერება.
გენერალი საოცრად პატიოსანი ადამიანი იყო, ემიგრაციაში მყოფს უკიდურესად უჭირდა თუმცა, არაფერს თაკილობდა რათა ოჯახი ერჩინა. თავდაპირველად, მუშაობა დაიწყო მასალების შენახვისა და გაცემის გამგედ ფირფიტების ქარხანაში. შემდეგ მაწვნის წარმოებასაც მიჰყო ხელი. ამ სიდუხჭირის მიუხედავად გენერლის სახლის კარი მუდამ ღია იყო ყველასთვის. „გააგებინეთ ყველას საქართველოში რომ: გენერალი, მემაწვნე გავხდი “- ხშირად ხუმრობდა ემიგრაციაში მყოფი გენერალი გიორგი კვინიტაძე. ემიგრაციაში დარჩენილი გენერლისა და ქართული მაწვნის ისტორია ასახულია ფილმში „ფესვებში“.
ცოლად ჰყავდა (1911 წლიდან) თავადის ასული მარიამ მაყაშვილი (დ. 1889 — გ. 1960). ჰყავდა სამი ქალიშვილი: ივდით (იდა; დ. 1912 — გ. 2002), თამარი (თამი; დ. 1913 — გ. 2009) და ნინო (ნანო; დ. 1920 — გ. 2020). ნინოს ქალიშვილია ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ'აბო.
მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. მუშაობდა გრამფირფიტების კომპანია „Pathe-ში.“ აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან და ორგანიზაციებთან. გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გიორგი კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე („Мои воспоминания в годы независимости Грузии, 1917–1921“). მოგონებები ორ ტომად ქართულ ენაზე გამოიცა 2014 წელს.
მამულიშვილი უბრუნდება მშობლიურ წიაღს, ქართველი ხალხი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს სამშობლოსთვის დამაშვრალ გენერალს.
წყარო: თავდაცვის სამინისტრო
ასევე იხ.:    • მედიის როლი კონფლიქტის გაშუქებისას და...  
#კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна
#ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili
#საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

ვიდეოები „Zaza Tsotniashvili"-ისგან